კრემლი კარნახობს, საქართველოს ხელისუფლება ასრულებს - მათ შორის არის 20 ივნისის ამბოხების და ხელისუფლების დამხობის მცდელობად მონათვლაც. ასეთი კვალიფიკაცია მომხდარს პირველად სერგეი გავრილოვმა მისცა, ახლა უკვე საქართველოს პროკურატურაც იგივეს იმეორებს.
თუმცა "ქართული ოცნებისთვის" ეს ახალი არ არის. როგორც კი ის თავისი პოზიციების შესუსტებას იგრძნობს, მაშინვე იწყებს ლაპარაკს იმაზე, რომ თითქოს, ოპოზიცია რევოლუციის მოწყობას გეგმავს, ხელისუფლება კი გადამრჩენელის როლში გამოდის, რომელმაც ქვეყანა დიდი არეულობისგან და დესტაბილიზაციისგან იხსნა.
იგივე მეთოდს მიმართა "ქართულმა ოცნებამ" ამჯერადაც. ბრალდებები ვრცელდება რიგით მოქალაქეებზეც, ოპოზიციაზეც, "რუსთავი 2"-ზე და მის ხელმძღვანელზე.
საქართველოს პარლამენტის იერიშით აღება ახალი დეტალია იმ ძველ, მაგრამ აპოკალიპტურ სცენარში, რომლის თაობაზეც "ქართული ოცნების" მთავრობა, მთავრობაში მოსვლის დღიდან საუბრობს. სისხლის სამართლის საქმე ამავე კოდექსის 315-ე მუხლით, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მიზნით ამბოხისა და შეთქმულების ორგანიზებას გულისხმობს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოთხჯერ ოფიციალურად აღძრეს.
"გავრილოვის სისხლიანი ღამის" შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაწყებული გამოძიებისთვის, კიდევ უფრო მძიმე - ამბოხების მუხლის დამატებისას პროკურატურას რამე სახის ახალი მტკიცებულება საზოგადოებისთვის არ წარუდგენია. ძალოვან უწყებას არც ის განუმარტავს, როგორ უნდა აეღოთ გაბრაზებულ, თუმცა უიარაღო მომიტინგეებს, იერიშით პარლამენტის შენობა, რომელსაც ათასობით შეიარაღებული სპეცრაზმელი და პოლიციელი იცავდა.
ამბოხების მუხლით აღძრული, თუმცა უპერსპექტივობის გამო თაროზე შემოდებული წინა სამი საქმე, წესით და რიგით პროკურატურისთვის ანალოგიურ სამართლებრივ ჭაობში არ შესასვლელად კარგი მაგალითი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს, წარსულის შეცდომებზე სწავლას მმართველი პოლიტიკური გუნდი არ აპირებს.
"საბურავების" სკანდალად ცნობილი საქმე, ერთადერთი არშემდგარი ამბოხების საქმე იყო, რომელშიც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის სახელი და გვარი ღიად არ ფიგურირებდა. 2014 წელს, როცა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, გაზეთებთან ამბოხებულთა გეგმებზე საუბრობდა, მტრის ხატად მას წარმოდგენილი მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი პარტიული ორგანიზაცია ჰყავდა.
315-ე ანუ ამბოხების მუხლით მოგვიანებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებში, სააკაშვილთან ერთად ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მსურველ სავარაუდო დამნაშავეთა წრე მუდმივად ფართოვდებოდა და ამ წრეში "რუსთავი 2"-ის დირექტორს საპატიო ადგილი ყოველთვის ეჭირა. 2015 წელს, მას შემდეგ რაც ერთ-ერთ რუსულ ინტერნეტსაიტზე ეს სატელეფონო საუბარი აიტვირთა, ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღო.
ხელისუფლების ზეწოლისგან "რუსთავი 2"-ის დაცვის სტრატეგიაზე საუბარი მაშინ სახელწიფო გადატრიალების მცდელობად შეფასდა და სუს-მა რუსთავი ორის გარშემო 32 სადღეღამისო სათვალთვალო კამერა დაამონტაჟა.
ამ ისტერიული შიშების მიუხედავად ხელისუფლება ძალის გამოყენებით ხელში არავის ჩაუგდია. ნიკა გვარამია კი კვლავ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის კაბინეტში ზის და ახალ ბრალდებებს ელოდება, რადგან იცის, რომ ამ კაბინეტიდან ციხის კარამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია.
„მე ამას სულ ველოდები უკვე რაც ივანიშვილის პერიოდში ვმუშაობ და ერთხელ დამიჭირეს კიდევაც და ორჯერ სცადეს. ახლა მითუმეტეს, როცა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გადამწყვეტი, ასე რომ ვთქვათ მოვლენებს ველოდებით სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, სავსებით შესაძლებელია, რომ ჩემი ნეიტრალიზაცია ვინმეს დასჭირდეს და ამ ფორმით წავიდეს. მე ეს არ მაღელვებს. ჩემთვის პატივი იქნება საოკუპაციო რეჟიმის მიერ რუსეთის წინააღდმეგ ამბოხისთვის დაკავებული თუ ვიქნები,“-განაცხდა ნიკა გვარამიამ.