გიორგი გაბუნიას მიერ, გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" გაკეთებული მიმართვის შემდეგ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ეხებოდა, სოციალური ქსელით განცხადებები გაავრცელეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წერს, რომ ეს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო.
"ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა "რუსთავი 2"-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი, გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად.
ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან,"-წერს ბახტაძე.
"პოსტსკრიპტუმის" ეთერს გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძეც. ბახტაძის მსგავსად, ისიც ქვეყნისთვის არსებულ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას:
"ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია "პატრიოტიზმით" შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ. ამას მარტივი სახელი ჰქვია - საკუთარი ქვეყნის მტრობა. ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!"
თანაგუნდელების პოზიციას იზიარებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც, რომელიც წერს, რომ გაბუნიას განცხადება, ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა.
"რაც დღეს რუსთავი 2-ის ეთერში მოვისმინეთ, არის პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. კითხვები აღარ არსებობს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს,"-წერს თალაკვაძე.
"პოსტსკრიპტუმის" ეთერს და გიორგი გაბუნიას შესავალ სიტყვას გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი კობახიძე.
"იმაში, რაც დღეს ნაცმოძრაობამ და მისმა ტელევიზიამ გააკეთეს, სინამდვილეში, ახალი არაფერია. ეს იყო უბრალოდ კულმინაცია, კულმინაცია იმ ყველაფრის, რასაც ავანტურისტების ეს "შპანა" მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდა. ამ ყველაფერს ორი სახელი შეიძლება დავარქვათ - ა) ქაჯობა, ბ) საკუთარი ქვეყნის მტრობა. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრისთვის პასუხის გაცემა მთელი ეს წლები რაღაცნაირად გვეთაკილებოდა. თუ უფრო თამამად დავუპირისპირდებით ქაჯობას და მტრობას, ჩვენი ქვეყანა უფრო სწრაფად წავა წინ - სიმშვიდისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროპისკენ და ნატოსკენ"- წერს ირაკლი კობახიძე.
"პოსტსკრიპტუმის" ეთერის შესავალ ნაწილს ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელიც პროვოკაციაზე მიუთითებს. განცხადებაში საერთაშორისო პროფესიული ნორმების და სტანდარტების უგულებელყოფაზეა საუბარი.
"მკაცრად ვგმობთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის მხრიდან გამოყენებულ გამონათქვამებს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს სუფთა წყლის პროვოკაციას, რომელიც მიმართულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისაკენ.
მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელს, რომელმაც უხეშად უგულველყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები.
ცხადია, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ ქმედებას ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდის დამკვიდრების მიზნით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობს დაძაბულობის დეესკალაციას" - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.