„ამაში ორი აზრი არ არსებობს, რომ ვინც დგანან ამ ავტობუსების უკან, სპეცრაზმის მიღმა არის სწორედ ხელისუფლების მიერ მართული ძალადობრივი ჯგუფები,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
ბოკუჩავა, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ ხელისუფლება ძალადობრივ ჯგუფებს იყენებს და ისინი სუს-ის, ხელისუფლების მიერ არიან მართულები.
ბოკუჩავა კიდევ ერთხელ იმეორებს მომიტინგეების მთავარ მოთხოვნას, გადადგეს შს მინისტრი, გიორგი გახარია.
„ეს ადამიანები არიან ივანიშვილის მიერ მართული და სწორედ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გაიყვანოს ისინი და მიეცეს მშვიდობიან პროტესტანტებს იმის საშუალება, რომ დაბრუნდნენ პარლამენტის წინ,“ - ამბობს ბოკუჩავა.
აქციაზე ასევე იმყოფება "ევროპული საქართველოს" წევრი, ელენე ხოშტარია, რომელიც აცხადებს, რომ კონტრაქციის მონაწილეები პროვოკატორები არიან.
"რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლების მართული ჯგუფი. ჩვენ სახეებზეც კი ვცნობთ ადამინებს, რომლებიც პროვოკატორების სახით შემოდიოდნენ აქციებზე და ვითომ სტუდენტებვი იყვნენ და გამოსვლა უნდოდათ. ეს არის აბსოლუტურად ხელისუფლების მიერ მართული პროცესი, რომელსაც უნდა პროტესტის ჩახშობა და პირობას ვაძლევ ხელისუფლებას გახარიასაც მოუწევს გადადგომა, არც პროტესტი არ გაქრება და ვერ ეღირსებით, რომ ეს პროტესტი არ იყოს მშვიდობიანი," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.