„ჩვენ, რუსეთმა ერთხელ უკვე დაგვმართა სამოქალაქო ომი, დაგვაპირისპირა ერთმანეთს,“ - ეს განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, შალვა შავგულიძემ გააკეთა. იგი აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს, მოქალაქეები ერთმანეთს დააპირისპიროს. შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ეს რუსული გეგმაა და საქართველოს მოქალაქეებს შორის დაპირისპირების გაღვივება პუტინის დიდი სურვილია.
შავგულიძე ამ წუთებში ანტისაოკუპაციო აქციაზე იმყოფება, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება მიმდინარეობს.
„ეს არის უპასუხისმგებლო ხელისუფლების, უპასუხისმგებლო და საქართველოს მიმართ მტრული მოქმედება. ხელისუფლება ცდილობს ახლა გამოიყენოს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას გუშინდელი ცუდი გამოსვლა და გამოიყენოს იმისთვის, რომ ერთმანეთს დაუპირისპიროს საქართველოს მოქალაქეები. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გუშინვე, მიიყვანა მისგან კონტროლირებადი ეს ორგანიზაციები, რომლებიც არ გამოირჩევიან თავიანთი დემოკრატიული ღირებულებებით, მიიყვანა "რუსთავი 2"-ის შენობასთან და შემდეგ უკვე დღეს მოიყვანა ამ ლოკაციაზე, რათა მოხდეს როგორმე მოხდეს დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეების ერთმანეთთან. ეს არის რუსული გეგმა, ეს უნდა პუტინს. ჩვენ რუსეთმა ერთხელ უკვე დაგვმართა სამოქალაქო ომი, დაგვაპირისპირა ერთმანეთს და ჩვენ ერთი შეცდომა უკვე დავუშვით,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.