პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და საგარეო საქმეთა სამინისტრო - უკვე 24 საათია „რუსთავი 2“ ხელისუფლების შეტევის ობიექტია.
განცხადებებში, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ერთმანეთის მიყოლებით გაავრცელეს, ოპოზიციამ საშიში ტენდენციები დაინახა. ყველა თანხმდება, რომ გიორგი გაბუნიას საავტორო მონოლოგი არაეთიკური იყო და არღვევდა ჟურნალისტურ სტანდარტებს, თუმცა პოლიტიკოსები გაოგნებას ვერ მალავდნენ, როდესაც წაიკითხეს, რომ ხელისუფლება ჟურნალისტის დასჯაზე ალაპარაკდა და მკაცრი რეაგირებით იმუქრებოდა.
ოპოზიციისთვის გაუგებარია, რა სადამსჯელო მექანიზმების გამოყენებას აპირებს ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ღამით ტელევიზიის შენობასთან აქტივისტები „ქართულმა ოცნებამ“ მიიყვანა და ძალადობრივი მოწოდებების უკანაც ივანიშვილის გუნდი დგას.
„ქართული ოცნების“ სრულმასშტაბიანი ისტერია ვერ გაიგეს უმრავლესობის ყოფილმა წევრებმაც. დემარშით წასულმა დეპუტატებმა ხელისუფლებას ურჩიეს, პრობლემის სათავე დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტში ეძიონ და გამოძიებაც იმაზე ჩაატარონ, როგორ მოხვდა გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.
გიორგი გაბუნიას გადაცდომის შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ სახიფათო თამაშში შევიდა, ამაზე დღეს არგუმენტებით საუბრობდა საპარლამენტო ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველმა პარტიამ მავნებლური პიარ კამპანიის გზა აირჩია და პანიკა ნაძალადევად შექმნა, თითქოს ჟურნალისტის ცალკეულ გამონათქვამზე ვლადიმერ პუტინი ომს ხელახლა დაიწყებდა.
საავტორო გადაცემაში გიორგი გაბუნიას მონოლოგის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერები სოციალურ მედიაში ერთმანეთის მიყოლებით საგანგებო განცხადებებს აკეთებდნენ.