19 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
გაგიმარჯოთ საქართველოს ჯარისკაცებო, ვაშა, გაგიმარჯოთ - ადა მარშანიამ პარლამენტის წინ ვასაძის მხარდამჭერებს მიმართა

პარლამენტის წინ ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მომიტინგეებს სიტყვით „პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, ადა მარშანიამ მიმართა.

პარლამენტის წევრმა აღნიშნა, რომ იქ შეკრებილები ნამდვილი ჯარისკაცები არიან და ხაზი გაუსვა, რომ ქართველებმა ღირსება ყოველდღიურად უნდა დაიცვან.

„რამდენი მშვენიერი სიტყვა ბადა ჩვენმა მშობლიურმა ენამ და რამდენი ათასი და მილიონი ქართველი იყო, ღირსებით რომ ატარებდა ამ სიტყვებს, ვაჟკაცურს, რაინდულს, მამაკაცს, უშიშარს, სამშობლოზე შეყვარებულს. როგორ შეიძლება ჩვენ ეს ყველაფერი არ დავიცვათ, არა ერთი დღე, არამედ სულ, სანამ სული პირში გვიდგას, ეს არის ჩვენი წმინდა ქართული მოვალეობა. თქვენ გაგიმარჯოთ საქართველოს ჯარისკაცებო, ვაშა, გაგიმარჯოთ,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

პარლამენტის წინ ორი აქცია დღის მეორე ნახევრიდან მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან დღეს დილიდან ლევან ვასაძის მხარდამჭერები და სასულიერო პირები იმყოფებიან. ისინი თავდაპირველად „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას აპროტესტებდნენ, თუმცა, შემდეგ უკვე ანტისაოკუპაციო აქციების დასრულდება მოითხოვეს.

ამის პარალელურად, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ანტისაოკუპაციო აქციის წევრებიც იმყოფებიან და კიდევ ერთხელ იმეორებენ იმ მთავარ მოთხოვნას, რასაც 19 დღეა ითხოვენ - გადადგეს შს მინისტრი, გიორგი გახარია.

დღის ამბები