19 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
დაძაბული ვითარების გამო, რუსთაველის გამზირზე სახალხო დამცველი მივიდა

დაძაბული ვითარების გამო, რუსთაველის გამზირზე მივიდა და აქციას აკვირდება სახალხო დამცველი. პოლიციის კორდონით პარლამენტის წინ ორად გაყოფილ პროსპექტზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ ახლა უმთავრესია, რომ შენარჩუნებული იყოს მშვიდობა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მან მიმართა ორივე აქციის ორგანიზატორებს რომ გამოყონ კონკრეტული პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ აქციის იმგვარ მართვას, რომ ორივე მხრიდან მაქსიმალურად აცილებული იქნას თავიდან ძალადობის ფაქტები.

„ფაქტია, რომ ის აქცია იქ იმართება იმის გამო, რომ კონკრეტულ ადამიანებს რომლებიც ორ კვირაზე მეტია აორგანიზებენ ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე მოთხოვნით აქციას, არ გაიმართოს პარლამენტის წინ, თუმცა იმ ფარგლებში სანამ ის აქცია იქნება მშვიდობიანი, რა თქმა უნდა ყველას აქვს უფლება საკუთარი გამოხატვის და შეკრების თავისუფლების. სამწუხაროა, რომ ერთი ძალადობრივი ინციდენტი უკვე ვიხილეთ იმ აქციაზე და მე იმედი მაქვს და მოვუწოდებ შსს-ს რომ დაიწყოს გამოძიება ერთ-ერთი მონაწილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე და იმედი მაქვს რომ მკაცრი და ადეკვატური რეაგირება მოჰყვება ამ ყველაფერს,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, არსებობს რისკები ფიზიკური დაპირისპირების, რაც არ უნდა დაუშვან როგორც აქციის მონაწილეებმა ასევე სამართალდამცავებმა.

ომბუდსმენი ასევე გამოეხმაურა "თბილის პრაიდის" აქციას. ნინო ლომჯარიას განცხადებით, იმ რისკებიდან გამომდინარე, მათ არ ეძლევათ მშვიდად გამოხატონ საკუთარი აზრი, რაც ზღუდავს მათ თავისუფლებას. 

რუსთაველის გამზირზე უკვე რამდენიმე საათია ორი აქცია მიმდინარეობს. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები გახარიას გადადგომის მოთხოვნით მეცხრამეტე დღეა იკრიბებიან, თუმცა მათ დღეს პარლამენტის წინ დადგომის საშუალება არ მიეცათ, რადგან დილიდან იქ შეკრებილები არიან ლევან ვასაძის დაჯგუფების წევრები. 

დღის ამბები