ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს საკუთარი პროტესტის გამოხატვა მუქარის და ზეწოლის პირობებში უწევთ. როგორც გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, მის გარშემო მუდმივად ტრიალებენ ადამიანები, რომლებიც თითის ყელში გამოსმით ანიშნებენ, რომ მას ფიზიკურ ზიანს მიაყენებენ და ყელს გამოჭრიან. გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ წასვლას არც ის და არც მისი თანამოაზრეები არ აპირებენ.
„ძალიან პრინციპული ამბავია. იმდენად მნიშვნელოვან რამეს ვაპროტესტებ რომ ძალიან მიკვირს რომ ამის გამო შეიძლება ალყაში ვიყო ადამიანების ჯგუფის, რომელიც ასე წამში ერთხელ მანიშნებს, რომ გავალ თუ არა ძალიან ცუდ დღეში ჩამაგდებენ. გინებაზე და ბოთლების სროლაზე არაფერს ვიძახი. მაგრამ პრინციპი ის არის რომ ჩვენ დავპირდით მაკოს რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ამ ადგილის დათმობა არის ძალიან პრინციპული ამბავი იმიტომ რომ ეს ხალხი არ ფიქრობენ იმაზე, რომ გახარიამ რამე დააშავა და არც კი უხსენებიათ. 5 საათია დგანან და არ იძახიან რომ რუსეთი მტერია და გახარია უნდა წავიდეს. ესენი იძახიან, რომ თბილის პრაიდს ეწინააღმდეგებიან. ეს არის მიზანმიმართული მცდელობა გადაიტანონ სხვა რელსებზე ეს პროტესტი. ვართ 9 ადამიანი დარჩენილი და ვაპირებთ, რომ ბოლომდე დავრჩეთ, არ დავთმობთ ამ ადგილს,“-განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე ამ დრომდე გრძელდება ორი აქცია. პარლამენტის წინ შეკრებილები არიან ლევან ვასაძის აქციის წევრები, რომლებიც არ აძლევენ საშუალებას ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს რომ აღნიშნული ტერიტორია დაიკავონ.