მე მგონია, რომ ძალიან რაციონალური პროექტი ჩამოყალიბდება და სათანადოდ მოწესრიგდება კამპანიის მედია გაშუქება საარჩევნო სუბიექტებისათვის - განაცხადა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო რეფორმირების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პოლიტიკურმა პარტიებმა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციებზე იმსჯელეს, ასევე განიხილეს პარტიების დაფინანსებისა და რეკლამის განაწილების წესი. შეხვედრაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც არიან ჩართული.
“საარჩევნო კამპანიის მედია გაშუქებაზე იყო საუბარი, მათ შორის უფასო საეთერო დროის განაწილებაზე, დებატები როგორ უნდა წარიმართოს, როგორ უნდა გადანაწილდეს შესაბამისი დრო საარჩევნო სუბიექტებზე. ბევრ შემთხვევაში დაემთხვა სხვადასხვა მხრიდან გაჟღერებული პოზიცია ერთმანეთს და აქაც, მე გონია, რომ ძალიან რაციონალური პროექტი ჩამოყალიბდება და სათანადოდ მოწესრიგდება კამპანიის მედია გაშუქება საარჩევნო სუბიექტებისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ახალი პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ ელექტორატის ასაკის ქვედა ზღვარის დაწევას ითხოვს. პარტია ინიციატივით გამოდის მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 16 წლიდან ჰქონდეთ.
„ძირითადი ნაწილი დღეს ეხებოდა არა შეთანხმებებს, არამედ პოზიციების მოსინჯვებს, როგორ უყურებენ რაღაც კონკრეტულ საკითხებს. ბევრი საკითხი იყო ძალიან განხილული, იმდენად ბევრი, რომ ახლა შეუძლებელია ვთქვათ, რომ რომელიმეზე შეთანხმება არსებობს. მე მაინტერესებდა პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლის მერეც და მე მაინტერესებდა ახალგაზრდა ადამიანები არჩეული იყვნენ, არა 25 წლის მერე, არამედ 25 წლამდე და ადამიანებს ხმის მიცემის უფლება ჰქონდეთ არა 18 წლიდან, არამედ უფრო ადრეც, 16 წლიდან მინიმუმ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.