პუტინის შეფასება საქართველოს ხელისუფლების განცხადებაზე ადეკვატური აღმოჩნდა - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე. მისი თქმით, დუმის დეპუტატების ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთვის მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაეწესებინათ და პუტინის უარი სანქციებზე, იმის დასტურია, რომ კრემლი ამ ბერკეტს საქართველოზე ზეწოლის იარაღად იყენებს.
ბაქრაძის განცხადებით, პუტინის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთის ხელში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ყოველთვის იქნება ეკონომიკური სანქციებით მუქარის ბერკეტი.
„ძალიან სამწუხაროა, რომ პუტინის შეფასება შექმნილი ვითარების აღმოჩნდა უფრო ადეკვატური, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტის და მთლიანად საქართველოს ხელისუფლების. რაც შეეხება სანქციებს, სანქციების არშემოღება ცალსახად კარგია, მაგრამ მთელი ეს პროცესი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ რუსეთი ვერასოდეს იქნება საქართველოს სანდო პარტნიორი.
მთელი ეს პროცესი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ რუსეთი ყოველთვის გამოიყენებს ზეწოლის მექანიზმებს, სანქციების შემოღება არის ზეწოლის მექანიზმი, შემოღებით მუქარა და შემდეგ არ შემოღება ასევე არის ზეწოლისა და პროპაგანდის მექანიზმი. ამიტომ საქართველოს მომავალი უსაფრთხოება.
ჩვენი ეკონომიკური განვითარება გადის არა იმაზე, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს პრეზიდენტი პუტინი და რომელი საშუალების გამოიყენებას გადაწყვეტს ის საქართველოს ეკონომიკაზე ზეწოლისთვის, ჩვენი დაცული და უსაფრთხო მომავალი გადის ევროპის ბაზარზე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებაზე," - ამბობს დავით ბაქრაძე.