19 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
პოლიტიკური ვითარება, გამოსვლები, გარკვეულწილად, თავის შედეგს პოულობს ლარზეც - დიმიტრი ცქიტიშვილი 

„პოლიტიკური ვითარება, სიტუაცია და გამოსვლები, გარკვეულწილად, თავის შედეგს პოულობს, მათ შორის ქართულ ეკონომიკასა და ლარზეც“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა გააკეთა.

ცქიტიშვილი ამბობს, რომ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი შესაბამის ჩარევას განახორციელებენ, თუმცა რა სახის ჩარევა იქნება, არ აკონკრეტებს.

„მე ვფიქრობ, რომ თუ იქნება რამე მაკროეკონომიკური ცვლილებები, შესაბამისად, იმოქმედებს ფინანსთა სამინისტრო და, გარკვეულწილად, ეროვნული ბანკიც შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს დასტაბილურება ეროვნული ვალუტის,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლარის რეკორდული გაუფასურება ისევ გრძელდება. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 2.9096 ლარი გახდა. ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ერთი ევროს ღირებულება 3.2599 გახდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები