მამუკა ხაზარაძე, სავარაუდოდ, პოლიტიკაში მიდის. ბიძინა ივანიშვილის შემდეგ TBC-ის დამფუძნებელი ყველაზე მსხვილი ქართველი ბიზნესმენია, რომელმაც ღიად განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ.
მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება დღეს სოციალური ქსელით დააანონსა. ის ეძებს პარტნიორებს პროდასავლურ ძალებს შორის. წინასწარ ჩანს, რომ იქნება ივანიშვილის მოწინააღმდეგეთა გუნდში. ბიზნესმენი გაერთიანებაში ეპატიჟება ყველას, ვინც ფიქრობს, რომ 20 ივნისის სისხლიანი ღამე მთავრი წყალგამყოფი იყო და საქართველოს ადგილი არა რუსეთთან, არამედ დასავლეთშია.
ხაზარაძე პირველი იყო, ვინც ივანიშვილის გუნდს შეუტია და "ქართული ოცნების" ყველაზე გავლენიანი მინისტრი გიორგი გახარია შანტაჟში დაადანაშაულა.
ხაზარაძის ხელში ახლა მთავარი კოზირია, ბრიტანული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მას ჯერ არ გაუსაჯაროებია. არსებობს ვერსია, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელს უკვე აქვს დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ მუქარის წერილი მას ნამდვილად გიორგი გახარიამ გაუგზავნა და თუ ბიზნესის შემდეგ საქმიანობის ახალ ეტაპს ხაზარაძე ახალი წერილით დაიწყებს, ეს შეიძლება 2020-ის არჩევნების წინ ივანიშვილის გუნდისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდეს.
ოპოზიცია მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას ელოდება. მათი ნაწილი პოტენციურ პოლიტიკურ პარტნიორად ქვეყნის ყველაზე უმსხვილესი ბიზნესის შემქმნელს უკვე განიხილავს.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი დღეს მოსაზრებები ორად გაიყო. ნაწილმა მამუკა ხაზარაძე ანგარიშგასაწევ ძალად დაასახელა. მეორე ნაწილი კი "თიბისი ბანკის" დამფუძნებელს პოლიტიკაში დიდ მომავალს არ უწინასწარმეტყველებს.