ცინიკური კეთილგანწყობა - ვლადიმერ პუტინი საქართველოს სანქციებს არ დაუწესებს და ამ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხისადმი პატივისცემით ხსნის. 2-დღიანი აჟიოტაჟი მოსკოვსა და თბილისში პუტინმა ორ კითხვაზე პასუხით და შორს გათვლილი სტრატეგიული პიარსვლით დაასრულა. რუსეთის პრეზიდენტი კმაყოფილია საზოგადოების იმ ნაწილის რეაქციით, რომელიც მისმა გინებამ აღაშფოთა.
პირველი შედეგი, რომელიც პუტინმა პიარსვლით გათვალა, რამდენიმე წუთში მიიღო. მის ვიდეოკომენტარს ხოტბა რუსეთის მოქალაქეებისგან მოჰყვა. პირველმა პუტინს საქციელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწონა. ამავე განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრმა შანსი არ გაუშვა, არ გაეკრიტიკებინა ყველა, ვინც დღეს საქართველოში რუსეთს უპირისპირდება.
416 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - სხდომაზე რუსეთის სათათბირომ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას. თუმცა რუსი პოლიტიკოსები სანქციების თემას გასცდნენ. ისინი „რუსთავი 2“-ის ყიდვის და მისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივითაც გამოვიდნენ.
საქართველოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მოსკოვში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესზე დაკვირვების შემდეგ თქვეს, რომ პუტინმა სპექტაკლი გაითამაშა და შექმნილი ვითარება, სათავისოდ, უფრო ადეკვატურად შეაფასა, ვიდრე საქართველოს პირველმა პირებმა. მათი აზრით, ამ ჟესტით კი ხელისუფლების და საზოგადოების შანტაჟი განაგრძო.
პუტინის გულშემატკივრობა არც მმართველ გუნდში დაიჯერეს, მაგრამ თითის გაშვერა გიორგი გაბუნიასკენ ისევ არ დავიწყებიათ.