მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას - ანტირუსული აქციების მეოცე დღეს ეს გზავნილი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინისთვის. ზურაბიშვილმა მისი ბოლო კომენტარის შემდეგ რიტორიკა სრულად შეცვალა. 21 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა გავრილოვის ღამის შემდეგ თქვა, რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტია. ამის გამო ის რუსულმა მედიამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.
დღევანდელი საგანგებო მიმართვის დროს ზურაბიშვილს სიტყვები - ოკუპანტი და მტერი აღარ უხსენებია.
სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი ბრიფინგი მოულოდნელად ჩაინიშნა. დაანონსებული იყო, რომ განცხადებას პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი გააკეთებდა, თუმცა მოულოდნელად ჟურნალისტებთან გამოსვლა ზურაბიშვილმა თავად გადაწყვიტა. მხოლოდ წინასწარ დაწერილი ტექსტი წაიკითხა და არც ერთ კითხვას არ უპასუხა.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უკან დაიხია და მოსკოვის კრიტიკის შემდეგ რიტორიკა შეცვალა და ახლა ცდილობს, მისივე განცხადებების გამო განაწყენებული მოსკოვი შემოირიგოს.
კაპიტულიანტური განცხადება - ასე აფასებენ ექსპერტები სალომე ზურაბიშვილის მიმართვას. მათი თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი აზიანებს საქართველოს ინტერესს და ენის მოჩლექით ესაუბრება ოკუპანტს.
პუტინის მიმართ სალომე ზურაბიშვილის მიმართვა კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელისთვის. ვანო მაჭავარიანი ზურაბიშვილის განცხადებას პოლიტიკურ ანომალიად აფასებს.
რუსეთის მიმართ სალომე ზურაბიშვილისგან მკაცრ ტონს არ ელოდნენ, თუმცა ოპოზიცია პრეზიდენტის განცხადებებმა მაინც გააოცა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქვეყნიდან რუსი დეპუტატის, გავრილოვის გაძევებისათვის "ქართული ოცნება" ბოდიშის მოხდის რეჟიმშია გადასული.