„ბოლოში, პუტინი უფრო ადეკვატური გამოვიდა, გასაგებია, რომ გაითამაშეს კეთილი მეფის ისტორია, ვიდრე მთლიანად ჩვენი ხელისუფლება,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ გააკეთა. უგულავა საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება „ვასალის მდგომარეობაშია პუტინთან“.
„მივიღეთ ჩვენ შიშველი სიმართლე, სადაც რუსეთის ხელისუფლება პირდაპირ ღიად უწესებს წესებს, თამაშის წესებს და ის სჯის ჩვენს ქვეყანას და ეს ცხვარივით მიყვება ამას და ბოლოში პუტინი უფრო ადეკვატური გამოვიდა, გასაგებია, რომ გაითამაშეს კეთილი მეფის ისტორია, ვიდრე მთლიანად ჩვენი ხელისუფლება,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავა კადიროვის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის გიორგი გაბუნიას დაემუქრა. „ევროპული საქართველოს“ წევრი კადიროვისა და კახა კალაძის განცხადებებს შორის სხვაობას ვერ ხედავს.
უგულავას თქმით, ივანიშვილმა 7 წელი „დანის პირზე იარა“ და ხელისუფლების წარმომადგენლები ეროვნული ღირსების გამომხატველი აზრის გაუფასურებას მუდმივად ცდილობდნენ.
გიგი უგულავა ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობასაც ეხმაურება და ამბობს, რომ „ეკონომიკა ნარკომანს დაემსაგავსა“. გიგი უგულავა აცხადებს, რომ რუსეთიდან ტურისტები აკრძალვების მიუხედავად, მაინც ჩამოვლენ.
„ის, რომ ჩვენ ეკონომიკური სარგებელი მიგვეღო იმხელა, რომელიც ციფრებში უნდა გამოიხატებოდეს, ისევე, როგორც ადამიანები გრძნობდნენ. ზრდა 2013-ში, 2014-ში, 2-3 ძლივს ამოვიდა 5 პროცენტამდე, მაშინ, როდესაც მანამდე ეკონომიკური ზრდა რამდენიმე წელიწადი ორნიშნა ციფრით იყო წარმოდგენილი... რუსი ტურისტიც ჩამოვა სხვათა შორის,“ - ამბობს უგულავა.
გიგი უგულავა პარლამენტის შენობის წინ გუშინ გამართულ ორ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე იდგა ავტობუსები, რომლითაც გაყოფილი იყო ტერიტორიები, ერთ მხარეს იყო ჩრდილოეთ კორეა, მეორე მხარეს კი სამხრეთ კორეა.
გიგი უგულავა ასევე აკრიტიკებს ვასაძის მხარდამჭერ აქციაზე მყოფ სასულიერო პირებს. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აკრიტიკებს ვასაძეს და „კომბლებით“ შეიარაღებულებს.
„ჯვარი გადააქციეს კომბლად, დარბის ეს ვასაძე კომბალამოგდებული ქალაქში, აქეთ ხალხთან ურთიერთობის ფორმა ქრისტიანული, მოიგონა მათრახი და კომბალი არის სიმბოლო თურმე ქრისტიანობის და დამაშვრალ, ორი კვირის ნაშიმშილარ ადამიანებს, თურმე უნდა მცველი უნდა მიუყენო და საბოლოო ჯამში, ქრისტიანობა ამათ დაიყენეს, ბოდიში, უკანალის გუშაგობად, წარმოუდგენელი რაღაცაა, ზუსტად იგივე ხდება რუსეთში, ეს არის პირდაპირ პუტინისტური ჯგუფი, არავინ აღარ უნდა დაუძახონ ულტრანაციონალისტი,“ - განაცხადა უგულავამ.
უგულავა ხელისუფლების "რუსთავი 2-ის" მიმართ განწყობას ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილის მიზანს სამაუწყებლო კომპანიის დახურვა წარმომადგენს. "ევროპული საქართველოს" წევრი 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება სასურველ ინტერპრეტაციას გაუკეთებს.
გიგი უგულავა გარდა მიმდინარე მოვლენებისა, ასევე საუბრობს მოახლოებულ პროპორციულ არჩევნებზეც. მისი თქმით, 2020 წელს გეოპოლიტიკური არჩევნები იქნება.
„ეს იქნება არჩევნები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ და ჩვენ, ვისაც პასუხისმგებლობა გვაქვს, უნდა მკაფიო პოზიცია გვქონდეს,“ - ამბობს უგულავა.