პუტინის შეურაცხმყოფელი განცხადებები და საქართველოს ხელისუფლების დუმილი - ოპოზიცია მმართველ გუნდს რუსული ინტერესების დაცვაში ადანაშაულებს.
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მადლობა გადაუხადა პუტინს, იმისთვის, რომ ქვეყანას სანქციები არ დაუწესა, თუმცა დუმილით უპასუხა მის და დუმის დეპუტატების შეურაცხმყოფელ განცხადებებს.
„რუსული ნარატივი არის ასეთი, რომ საქართველო არის დამპყრობელი, საქართველომ თავის დროზე გერმანელების დახმარებით აფხაზეთი დაიპყრო, გენოციდი მოუწყო ოსებს. ეს არის იმპერიული მიდგომა.
"პუტინმა ეს სპეციალურად გააკეთა იმისთვის, რომ კი არიან ქართველები აგრესორებიო, კი სამართლიანად წავართვით მათ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიო, მაგრამ რაკი საქართველოს ხელისუფლებამ ამდენი ბოდიში მოიხადაო, ამიტომ სანქციებს თუ ჭკუით მოიქცევა არ დავუწესებო. მანამდე მისსავე ყურმოჭრილ დუმას შეუკვეთა ძალიან შეურაცხმყოფელი ტექსტების თანმხლებით ერთხმად იმ გადაწყვეტილების მიღებამ, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს. სხვათა შორის 2008 წელსაც, მაშინდელმა ყურმოჭრილმა დუმამ მაშინაც ერთხმად მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. აღიარების გადაწყვეტილება.
"მთავარი და არსებითი არის საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო დუმილი. ქალიან-კაციანად რომ დაეწყვნენ ერთად, პრემიერი, პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და მადლობები უხადეს პუტინს, რომს ანქციები არ დაგვიწესა და ხმა არ ამოუღიათ იმაზე, რომ შეურაცხყოფა მოგვაყენა, ქართველებზე ამდენი ტყუილები თქვა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს თავის გადარჩენას რუსეთის ხელისუფლებასთან ასეთი მაამებლობით,“-აცხადებს ბერძენიშვილი.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი აბესაძე კი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დუმილით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის რუსული პროპაგანდის ჭანჭიკია.
„ისინიც სამწუხაროდ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის ჭანჭიკის როლს ასრულებენ, როცა მხოლოდ პუტინის კეთილ ზრახვებზე მიუთითებენ და პასუხს არ სცემენ იმ რეალურად მტრულ განცხადებებს, რომლებსაც შეიძლება გარკვეული შედეგები მოჰყვეს,“-ამბობს აბესაძე.