"სახელმწიფოს ამბოხს იძიებთ თუ ჭორაობთ, ბატონო გახარია?“ - ასე მიმართავს ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრს. ხელისუფლების ოპონენტები გიორგი გახარიას მიერ ექსპერტებთან დახურულ შეხვედრაზე გაჟღერებულ მოსაზრებებს გამოეხმაურნენ. ანალიტიკოსების თქმით, გახარიამ ე.წ. გადატრიალების საქმის მთავარ მტკიცებულებად პარლამენტში დაშვებული საშვები წარადგინა. ოპოზიციის თქმით, არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ოპოზიცია დაშვებული საშვებით ამბოხების მოწყობას გეგმავდა.
გარდა ამისა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ როგორც გიორგი გახარიამ მათ დახურულ შეხვედრაზე განუცხადა, ე.წ. რაკეტისებრი ტყვიები გამიზნულად გამოიყენეს. ოპოზიციის შეფასებით, შს მინისტრის განცხადება აბსოლუტურად საგანგაშოა.
„აბსულუტურად უპერსპექტივო, ცინიკური და არასერიოზულია საუბარია, ადამიანების დასახიჩრება გაამართლო პარლამენტის შენობაში დაშვებული საშვების დიდი რაოდენობით. განსაკუთრებით საგანგაშოა მინისტრის მიერ ის გაკეთებული განცხადება, როგორც ექსპერტები საუბრობენ, რომ პანკისში წვრილი ტყვიების გამოყენების შემდეგ, მიზანმიმართულად გამოყენებული იქნა ტყვიები საზოგადოების წინააღმდეგ, რომლებიც ასეთ სიტუაციაში არ უნდა გამოიყენებოდეს და რომლებიც იწვევენ ადამიანების დასახიჩრებას,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ინფორმაციას მესამე პირისგან იგებენ და შს მინისტრი ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებს.
„ჩვენ ერთი ექსპერტისგან გავიგეთ, რომ ახლა როგორც გაირკვევა, რომ გახარიამ მას მოუყვა, რომ საშვების დაშვება არის ის მტკიცებულება, ბევრი საშვის, ათეულობით საშვის დაშვება, რომ ხდებოდა ქვეყნის დამხობა და ამბოხი. სხვა ექსპერტმა ილაპარაკა სხვა გარემოებებზე, მაგალითად, იმაზე, რომ გახარია მას გამოუტყდა, რომ მან გასცა ბრძანება და უშუალოდ ის ხელმძღვანელობდა აქციის დარბევას. ჩვენ ამბებს ვიგებთ მესამე პირის ნათქვამით. სადღაც რაღაც მოყვა ფურშეტზე, შეხვედრაზე ვიღაც ექსპერტებთან, რა ხდება საერთოდ, რა ჭორაობაზეა საუბარი, თუ გამოძიებაზე, არ მესმის. სახელმწიფოს ამბოხს იძიებთ თუ ჭორაობთ, ბატონო გახარია?“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ.