რუსეთის პრეზიდენტის მუქარით შეშინებული საქართველოს მთავრობის განცხადებებიდან, ტერმინი ოკუპანტი გაქრა. პუტინს, რომელმაც საქართველო აფხაზეთის ოკუპაციაში და ოსების გენოციდში დაადანაშაულა, თბილისმა პოლიტიკური პასუხისმგებლობაც კი ვერ დააკისრა. რუსეთს პრეზიდენტის მძიმე ბრალდებები საქართველოს მთავრობამ, მხოლოდ ისტორიის უცოდინრობას დაუკავშირა.
ვლადიმერ პუტინისთვის პასუხის გაცემა დღეს ვერ გაბედა პრეზიდენტმა. მან კომენტარი ამ თემაზე საერთოდ არ გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი უბრალოდ გაიქცა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის დევნილი წევრების შთამომავალი მდუმარებით, თავდახრილი შეხვდა პუტინს უმძიმეს ბრალდებას, რომელმაც მათ შორის მისი ოჯახის წევრები 1918 წელს აფხაზეთის ოკუპაციაში, 1920 წელს კი ოსების გენოციდში დაადანაშაულა.
დამახინჯებულ ისტორიაზე არგუმენტირებული პასუხის გაცემა ფაქტებით დღეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს არც კი უცდია.
ოპოზიციას ხელისუფლების დუმილი კიდევ ერთხელ არწმუნებს იმაში, რომ მმართველი პარტია რუსულ ინტერესებს ატარებს.
პოლიტოლოგები კი ამბობენ, რომ პუტინმა საქართველოზე გუშინ განცხადება შემთხვევით არ გააკეთა. იმპერიული ზრახვებიდან გამომდინარე, ექსპერტების აანონსებენ იმასაც, რომ ოკუპანტი ქვეყნის მეთაური უკან არაფერზე დაიხევს.