19 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
კორუფციის უნიკალური სქემა - ჩინოვნიკები კომპანიებს მილიონიან ტენდერებში ამარჯვებინებენ, შემდეგ კი ამავე კომპანიაში სამუშაოდ გადადიან

კორუფციის უნიკალური სქემა. მაღალი თანამდებობის პირები ჯერ კერძო კომპანიებს ტენდერში ამარჯვებინებენ, შემდეგ კი ამ კომპანიებში გადადიან სამუშაოდ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ აქვეყნებს ფაქტებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ასობით მილიონის გადანაწილების შემდეგ, მინისტრების მოადგილეები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, საჯარო სამსახურს ტოვებდნენ და სწორედ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაში მაღალ ხელფასზე გადადიოდნენ სამუშაოდ.

კითხვები არსებობს, მაგრამ კანონმდებლობა გამოძიებას არავის ავალებს. ამიტომ სქემა სულ უფრო ფართოვდება და შედეგად არასამთავრობო ორგანიზაცია იღებს მონაცემს, რომლის მიხედვითაც კორუფცია და ქრთამის აღების ფაქტები სულ უფრო გახშირდა.

ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს შეიცავდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის "სოკარ ჯორჯიას" გენდირექტორის მრჩევლად დანიშვნა. ასევე კვლევაში მოხვდა - თბილისის მერის ყოფილი მოადგილის ნატო ქიტიაშვილის სამშენებლო კომპანიაში გადასვლა. თუმცა ყველაზე მეტი საეჭვო გადაადგილება საჯარო სამსახურიდან კერძო სექტორში იმ უწყებაში ხდება, სადაც დიდი ფული ტრიალებს და კორუფციის რისკიც მაღალია. ასეთი კი რეგიონული განვითარების სამინისტროა.

მაია ცქიტიშვილი საჯაროდან კერძო სექტორში გადასვლაში პრობლემას ვერ ხედავს და მეტი კონკრეტიკისთვის ფაქტებს ითხოვს. ფაქტები კი ასეთია. საგზაო დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე გივი ჩოჩიას ახლა თურქულ კომპანიაში მუშაობს. ამ კომპანიამ ჩოჩიას საჯარო სექტორში მუშაობის დროს 329 მილიონიანი ტენდერი მოიგო და ახლა ბათუმის შემოვლით გზას აშენებს. საგზაო დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ზაზა სიმონიას ჩინურ კომპანია "Sinohydro"-ში გადავიდა, მანამდე კი ამ კომპანიამ სახელმწიფოს 253 მილიონ ტენდერში გაიმარჯვა და სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს აშენებს. საგზაო დეპარტამენტის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ხერგიანის სამუშაოდ გადავიდა "დოჰვა ინჟინერინგში", რომელიც საგზაო სამუშაოების შესრულებას უწევს მონიტორინგს. ყველა მათგანი სატენდერო კომისიის წევრი და ამ კომპანიების გამარჯვების ბედს წყვეტდა.

სტატისტიკა ასეთია: მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საჯარო სექტორში ქრთამის აღების ფაქტები 56%-ით გაიზარდა.

კანონის მიხედვით, ყოფილ საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, 1 წლის განმავლობაში მუშაობა დაიწყოს იმ საჯარო დაწესებულებაში ან კერძო საწარმოში, რომელსაც იგი ბოლო 3 წლის განმავლობაში სამსახურებრივად სისტემატურად ზედამხედველობდა. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ კანონი ბუნდოვანია და არ არსებობს უწყება, რომელიც მის შესრულებას გააკონტროლებს. ერთადერთი ვალდებულება იმის დასადგენად სწრაფად გაიზარდა თუ არა ყოფილი საჯარო მოხელის ქონება თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, დეკლარაციის შევსებაა. თუმცა ამ ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი, შემოსავლები - საჯარო ინფორმაცია არ არის.

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე

დღის ამბები