ქვეყნის მთავარი პოლიციელი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია საშვების რევოლუციას გეგმავდა. გიორგი გახარია დახურულ კარს მიღმა ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს შეხვდა და 20 ივნისის მოვლენებზე ესაუბრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა დახურულ შეხვედრაზე ექსპერტებს უთხრა, რომ ოპოზიციამ გავრილოვის საქართველოში ვიზიტით აღშფოთებულ მოქალაქეებზე პარლამენტში საშვები დაუშვა, რაც ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა. მეტი დამაჯერებლობისთვის გახარიამ ექსპერტებს საშვების დაშვების სტატისტიკა გააცნო.
20 ივნისს გადაღებული კადრებით კი დგინდება, რომ დროებითი ბრძანებით შენობაში არა თუ რიგით მოქალაქეებს, არამედ დეპუტატებსაც კი არ უშვებდნენ. ჩნდება კითხვა თუ საშვდაშვებული მოქალაქეები სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდნენ, ცხრა საათის განმავლობაში როგორ ვერ აღკვეთა შს სამინისტრომ ეს ფაქტი და რატომ მივიდა საქმე დარბევამდე.
საშვების ამბოხება ოპოზიციისთვის ღიმილისმომგვრელია. დეპუტატები ამბობენ, რომ რაც უფრო მეტად ცდილობს გახარია სახელმწიფო გადატრიალების ვერსია გაამყაროს, მით უფრო მეტ შეცდომას უშვებს.
გახარიასთან დახურული შეხვედრიდან გამოსულმა ექსპერტებმა კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გათქვეს. გიორგი გახარიამ მათ აუხსნა, რატომ გამოიყენა ხალხის წინააღდეგ რაკეტისებრი ნარინჯისფერი ტყვია, რომელიც ახლო მანძილიდან სროლის შემთხვევაში კლავს. აღმოჩნდა, რომ გახარიამ საშიში ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება თავად მიიღო, იმის გამო, რომ პანკისში რეზინის შავი ტყვიებით ხალხი ვერ შეაჩერა, ამიტომ თბილისში უფრო მკაცრი ზომები გამოიყენა.