„პუტინი კმაყოფილია, რომ ჰყავს მორჩილი მთავრობა საქართველოში" - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა „კურიერთან“ ინტერვიუში გააკეთა. ოპოზიციის წევრი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ისტორიის დამახინჯებას გამოეხმაურა. გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ საქართველომ „აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა და ოსეთში გენოციდი მოაწყო“, საქართველოს ხელისუფლებამ არ უპასუხა.
კანდელაკის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი კმაყოფილია, რომ საქართველოში მორჩილი მთავრობა ჰყავს.
"ხელისუფლების ცუდი სადღეგრძელოების სტილში ლუღლუღი პუტინის მიერ ჩვენი ისტორიის სიყალბით გადამღერებასა და ჩვენს გენოციდში დადანაშაულებაზე იყო სამარცხვინო. სიმართლე არის ჩვენს მხარეს. ჩვენი სიმართლის დამადასტურებელი ვერცერთი ფაქტი ამ უცოდინრებმა მართლა ვერ მოიყვანეს და ამის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინი კმაყოფილია, რომ ჰყავს მორჩილი მთავრობა საქართველოში,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.