საზოგადოება უყურებს, როგორ ცდილობს ივანიშვილი, რომ უზენაესი სასამართლო საბოლოოდ გადააქციოს თავის სანოტარო კანტორად - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ გააკეთა.
კახიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი პროცესის არაობიექტურობაზე საუბრობს და ამბობს, რომ კანონმდებლობა იმგვარად არის შექმნილი, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ მმართველ კლანს, სასურველი კანდიდატების შერჩევის საშუალებას აძლევს.
„ისე მოაწყვეს კანონმდებლობა, ისე მოირგეს, რომ საშუალებას აძლევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლოს მმართველ კლანს, რომ მხოლოდ თავისთვის მისაღები კანდიდატები შეარჩიოს. ეს საშუალება მათ მმართველმა გუნდმა, ივანიშვილის დავალებით დაუმტკიცა, რისთვისაც მათ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც კი უგულებელყვეს. ახლა საზოგადოება უყურებს, როგორ ცდილობს ივანიშვილი, რომ უზენაესი სასამართლო საბოლოოდ გადააქციოს თავის სანოტარო კანტორად“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც ერთ პიროვნებას ემორჩილება, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უზენაეს სასამართლოში სასურველი კანდიდატები მოხვდნენ.
„რასაკვირველია, მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემაც არის ერთი ადამიანის ხელში, შესაბამისად, ის მორჩილი უმრავლესობა, რომელიც არის ახლა პარლამენტში და რომელიც პოლიტიკურ სასამართლოს უწყობს ოპოზიციის წარმომადგენლებს, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გავიდნენ სასურველი მოსამართლეები და ადამიანები ამ რეჟიმისთვის“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი პროცესის შესახებ გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა. მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ მისი და მისი კოლეგების სურვილი, სასამართლო სისტემის პროგრესია.
„მე არ ვიცი, შიგნით საბჭოში როგორ მიმდინარეობს პროცესი. ჯერჯერობით, არ მაქვს ამაზე ინფორმაცია, მაგრამ მე სურვილი მაქვს და ამისკენ ვარ მოწოდებული მეც პირადად და ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა, რომ ჩვენ მივიღოთ განახლებული, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი სასამართლო სისტემაში, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს სისტემის გაჯანსაღებას“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.