შს მინისტრის ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის დღის წესრიგიდან მოხსნას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის ”ძალა ერთობაშია” ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება.
საქმე ეხება ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას, სადაც დღეს სიტყვით შს მინისტრიც უნდა გამოსულიყო, თუმცა, მოულოდნელად, პროგრამაში ცვლილებები შევიდა. გახარია კონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჩაანაცვლა.
გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ შს მინისტრის გამოსვლის დღის წესრიგიდან მოხსნა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მოვლენების გამო მოხდა. ვაშაძის თქმით, მმართველმა გუნდმა მინისტრის უხერხულობა თავიდან აარიდა.
„იმის გამოცნობა, „ქართული ოცნება“ რატომ აკეთებს რაღაც მოძრაობებს და რატომ ღებულობს რაღაც გადაწყვეტილებებს, ეს საერთოდ ცალკე მეცნიერებაა, რომელსაც მე, ჯერჯერობით, ვერ ჩავწვდი, მაგრამ გასაგები არის, რომ იმ პირობებში, როდესაც შს მინისტრს, რომლის გადადგომასაც მთელი საქართველო ითხოვს, მოუწევდა ძალიან მძაფრ, მწვავე, არგუმენტირებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ჩვენი მოკავშირეების და საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით, რა თქმა უნდა, ამან სერიოზულად შეაშინა საქართველოს მმართველი ხელისუფლება,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.