მაფინები საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე დიპლომატებისთვის - 14 წლის ბათუმელმა გიორგი დუმბაძემ ევროკავშირის მაღალი რანგის სტუმრებს სიტყვით მიმართა.
მან მიიტანა მაფინებიც, საქართველოს და ევროკავშირის დროშით გაფორმებული იმის ნიშნად, რომ სტუმრებისთვის ეთქვა - ქართველ ხალხს დემოკრატიული წყობა და ევროპაში ცხოვრება სურს. პოლიციამ გიორგი და მისი მეგობრები უცხოელ დელეგატებთან არ მიუშვა.
თუმცა ლანჩზე სასტუმროს ტერასაზე გამოსულ ევროპელ დიპლომატებს აქციის მონაწილეებმა შორიდან დაუძახეს და მათთან მისვლის ნებართვა ითხოვეს. ამის შემდეგ კი მომიტინგეებმა კონფერენციის მონაწილე დიპლომატებს მაფინები დაურიგეს.
ოკუპანტი ქვეყნის ბელადის ბანერი საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარეობის პარალელურად სასტუმრო „შერატონის“ წინ, ქვაფენილზე გაფინეს. მათ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კონფერენციის მონაწილეებს უთხრეს, რომ ვლადიმერ პუტინის რუსეთი მკვლელი და ოკუპანტია. ბათუმელ ახალგაზრდებს თბილისიდან ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის მონაწილეები შეუერთდნენ.
ევროკავშირის მაღალი რანგის სტუმრებთან საკუთარი სათქმელი დღეს ახალგაზრდებმა სხვადასხვა ფორმით მიიტანეს. ოკუპანტის ბანერის გარდა, ადგილზე სხვა ლოზუნგებითაც მივიდნენ - „ივანიშვილი კლავს“, „დემოკრატია კვდება“.
მომიტინგეებმა ქართველ დეპუტატებსაც მიმართეს და მოუწოდებდნენ, რომ შს მინისტრი უნდა გადადგეს.
ახალგაზრდებმა, რომელებიც რუსულ ოკუპაციასა და საქართველოს ხელისუფლების პრო რუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ, ევროპელ დიპლომატებთან ყველა საკითხზე ისაუბრეს. უთხრეს, რომ საზოგადოება უკვე 22-ე დღეა, სისხლიანი დარბევის ავტორი მინისტრის გადაყენებას ითხოვს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე, სოფო ჭულუხაძე