19 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა - იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები კონკურსის ​ხელახლა გამოცხადებას ითხოვენ

სასამართლოს კლანის წევრთა კაბინეტებში დაწერილი სცენარი, რომლის განხორციელება მხოლოდ დროის საკითხია - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები მართლმსაჯულების უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შეწყვეტას მოითხოვენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი დარწმუნებულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 მანტია უკვე დარიგებულია. ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი კონკურსის ხელახლა გამოცხადებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, ჩინჩალაძე-მურუსიძის ე.წ. კლანი წინასწარ შეთანხმებულ სცენარს მიჰყვება. ამის დასტურია ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ, როდესაც უზენაესი ინსტანციის მოსამართლეობის 50 კანდიდატი შეარჩიეს, იუსტიციის საბჭოს 10 წევრის კენჭისყრის ბიულეტენში საეჭვო დამთხვევები იყო.

საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი ე.წ. კლანს ნეპოტიზმშიც ადანაშაულებს. მათი განცხადებით, შემთხვევითი არ არის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შორის არიან საბჭოს წევრ ირაკლი შენგელიას ცოლის ძმა, მოსამართლე ლევან თევზაძე და ასევე საბჭოს წევრის თამარ ონიანის მაზლი ზურაბ აზნაურაშვილი.

კოლეგები ბრალდებების ადრესატებმა დღეს შემდგარ პოლიტიკოსებად მოიხსენიეს. მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ცილისწამებაში დაადანაშაულა.

ჯერ უცნობია, გამოუცხადებს თუ არა საპარლამენტო ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესს ბოიკოტს უკვე სხდომათა დარბაზშიც. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 50 კანდიდატთან გასაუბრება ერთ კვირაში უნდა დაიწყოს და 20 საუკეთესოს სია პარლამენტს გაუგზავნოს. პროცესებს აკვირდებიან, თუმცა მას უკვე ფარსს უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველ 5 კანდიდატს 17 ივლისს გაესაუბრებიან. ორ არამოსამართლე წევრს, რომლებმაც პროცესს უნდობლობა გამოუცხადა, ჯერ არ გადაუწყვეტიათ, იქნება თუ არა მომდევნო ნაბიჯი ბოიკოტი.

დღის ამბები