19 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
ყველგან დავაყენებ აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხს - შს მინისტრის მუქარა 

აქციის დარბევიდან 22 დღის შემდეგ, შს მინისტრი, გიორგი გახარია აღიარებს, რომ მან გასცა მომიტინგეების დარბევის ბრძანება. გიორგი გახარიამ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში თქვა, რომ დარბევის ბრძანებას ხელი ღამის 12 საათიდან პირველ საათამდე პერიოდში მოაწერა.

მინისტრის თქმით, ბრძანებაში დეტალურად იყო გაწერილი, თუ როგორ უნდა ემოქმედათ სამართალდამცავებს.

"როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ტოვებს თავის ლოკაციას, იქმნება მინისტრის, მინისტრის მოადგილის და კურატორი მოადგილის სპეციალური ღონისძიების გეგმა, რომელშიც აღწერილია სტანდარტული და იმ კონკრეტულ ლოკაციაზე და იმ კონკრეტული მიზნებით, რა საპროგნოზო მონაცემებიც არსებობს, ამ გეგმის კონკრეტული ნაბიჯები, რაც, რა თქმა უნდა, ჩემ მიერ იყო ხელმოწერილი. ხელი მოვაწერე იმ დღეს, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა დატოვა თავისი ტერიტორია, ლოკაცია, ეს იქნებოდა, დაახლოებით, 00:00 – 01:00 საათამდე, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ყველა საპოლიციო ძალის მოქმედების გეგმა, ვინ, სად, როდის, რა ფუნქციებით, რა მოვალეობებით და რა ლოკაციებზე, ყველაფერი - რა სპეციალური საშუალებებით, რა უფლებამოსილებით და რა პასუხისმგებლობებით,“ - განაცხადა შს მინისტრმა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაგრძელდა დარბევა და დაკავებები გამთენიამდე, მინისტრი ამბობს, რომ ახალგაღვიძებულ მოქალაქეებს მომიტინგეები საფრთხეს უქმნიდნენ.

„ყველგან დავაყენებ აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხს. აქცია გარკვეულ მომენტში, კონკრეტული პოლიტიკოსების მოწოდების საფუძველზე გახდა ძალადობრივი. ეს რაც შეეხება ამ კომპონენტს, როდესაც აქცია, ეს არ იყო მშვიდობიანი. ამ ქვეყანაში ძალის გამოყენებით, ჩვენ არავის აღარ მივცემთ საშუალებას, რომ მოხდეს პოლიტიკური შედეგების მიღწევა. სხვანაირად ჩვენ, ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვეღარ ავაშენებთ," - ამბობს გახარია.

გიორგი გახარიას თქმით, აქცია არ იყო მშვიდობიანი, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი და სამართალდამცავებმაც ადეკვატურად იმოქმედეს.

"ეს იყო პარლამენტში ძალისმიერად, შტურმის საშუალებით, ორგანიზებული ჯგუფების მიერ შეჭრის, რა მიზნით იყო შეჭრა პარლამენტში და ექნებოდა ამას თუ არა, პოლიტიკური შედეგები და გამოსავლები, ამაზე გამოძიებამ უნდა იმსჯელოს," - ამბობს მინისტრი.

დღის ამბები