„ერთი და ორი აქცია ჩატარებულა ამ ქვეყანაში, რომელსაც შსს და პოლიცია ზრუნვის მეტი თავის მოქალაქეებზე არაფერი არ გამოუჩენია“ - ეს განცხადება შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა.
შს მინისტრის თქმით, საქართველოში მოქალაქეებს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება აქვთ და ამის მაგალითად 8 ივლისი მოჰყავს, როდესაც თბილისში 4 აქცია პარალელურად გაიმართა.
ინგა გრიგოლიასთან მიცემულ ინტერვიუში გიორგი გახარიამ აქცენტი გაამახვილა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, სადაც ორი დაპირისპირებული ჯგუფი გამოხატავდა პროტესტს. საქმე ეხება ანტისაოკუპაციო აქციას და ასევე, ვასაძის დაჯგუფებას.
მინისტრმა აღნიშნული აქციები ხოშტარია-ბოკერიას და ფალავანდიშვილი-ვასაძის აქციებად მოიხსენია და აღნიშნა, რომ ორივე ჯგუფი რადიკალურები იყვნენ.
„8 ივლისს, როდესაც ქალაქში ჩატარდა 4 აქცია, მათ შორის, ორი რადიკალურად ერთმანეთთან დაპირისპირებული, როდესაც ერთ მხარეს გვყავდნენ ბატონი ბოკერია-ხოშტარია და მეორე მხარეს გვყავდნენ ვასაძე და ფალავანდიშვილი, აბსოლუტურად რადიკალური, არაფრით არ განსხვავებული ერთმანეთისგან ჯგუფები, რადიკალური ჯგუფები. როდესაც პუშკინის სკვერში იკრიბება, შეიძლება სამართლიანი პროტესტისთვის და პოლიცია სთხოვს, იცით, რა, იქ არის აგრესიულად განწყობილი ჯგუფი და იქნებ აქ გამოთქვათ, თქვენი გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება და როდესაც ეს ხალხი, ვითომ ინტელექტუალური ოპოზიცია ამოფარებული ახალგაზრდებს და მათ ემოციებს, იძახის, რომ ჩვენა ამათ ვერ ვაკონტროლებთ და აუცილებლად მარში და მსვლელობა უნდა ჩავატაროთ, რომ შუბლი შუბლზე და შევქმნათ ქვეყანაში დაპირისპირების და ემოციების კიდევ ერთი კერა, რა დავარქვათ ამას, არაფერი, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, ერთ მხარეს თავისი გაურკვეველი ამბიციებით და მეორე მხარეს, ჩემთვის და არცერთი პოლიციელისთვის არანაირი სხვაობა მათ შორის არ არის,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.