„მისი დაბღვერების, მისი საღეჭი რეზინის ღეჭვის, ირონიული ყურების არავინს არ ეშინია“ - ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძემ, შს მინისტრის შესახებ გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა.
ხატია დეკანოიძე ამბობს, გიორგი გახარიას დღევანდელი ინტერვიუდან გამოჩნდა, რომ ის დარდობდა არა აქციის დარბევის დროს დაშავებულებზე, არამედ პოლიციელების ფარებზე.
„ეს კაცი რეალურად, კი უნდა გადადგეს და ეს არის უპირობო მოთხოვნა ამ აქციის, რასაკვირველია, მაგრამ ეს კაცი თვითონ არის სისხლის სამართლის ობიექტი, იმიტომ რომ ამ ადამიანმა დღეს აღიარა პირდაპირ ეთერში, რომ რეალურად, ეს არავითარი მოცემულობა იქ არ იყო, რომ გამოეყენებინათ ლეტალური ტყვიები და ესროლათ ადამიანებისთვის დამიზნებით და რაც მთავარია, ეს ადამიანი დარდობდა პოლიციელის ფარებზე და არ დარდობდა ამოთხრილ თვალებზე“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, აქციაზე გაფრთხილება არავის გაუცია. მისი თქმით, გიორგი გახარიამ აქციის დარბევისას დაარღვია ყველა კანონი, რომელიც პოლიციის შესახებ კანონში წერია.
„გიორგი გახარიას პირველი დანაშაული არის ის, რომ რეალურად რაც უწერია პოლიციის შესახებ კანონში, ყველაფერი დარღვეული აქვს. მათ შორის თანაზომადი ძალების გამოყენებაზე, მათ შორის აკრძალული იარაღის გამოყენებაზე, მათ შორის გაფრთხილებაზე“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ გიორგი გახარია მომხდარ მოვლენებში თავად არის დამნაშავე.
„გახარია იძიებს იმ საქმეს, რომელშიც თვითონ არის სისხლის სამართლის დამნაშავე და ჩვენ გვიბარებს... თვითონ იძიებს რეალურად, ის არის ადამიანი რომელიც არის დამნაშავე და იძიებს და იბარებს“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.