პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ 20 ივნისის ღამეს საკანონმდებლო ორგანოში გერმანიის ელჩი იმყოფებოდა. ირაკლი სესიაშვილის თქმით, სხვა ელჩებთან დაკავშირებით ის ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა შესაძლოა იმიტომ რომ კონკრეტულ ფლიგელში არ იმყოფებოდა.
„ელჩებს პირადად ვცნობ და ამ შემთხვევაში გერმანიის ელჩი ნამდვილად იყო. სხვა წარმომადგენლები თუ იყვნენ შეიძლება იმ ვითარებაში ან ყურადღება არ მივაქციე... მით უმეტეს ჩვენ სხვადასხვა ფლიგელებში გვიწევდა მოძრაობა და ამიტომ გამიჭირდება. მე რაც შემიძლია დაგიდასტუროთ არის ის რომ გერმანიის ელჩი იქ ნამდვილად იყო,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ გუშინ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ პარლამენტში 20 ივნისის ღამეს მასთან ერთად ელჩები იმყოფებოდნენ, რომლებიც დარბევის პროცესს აკვირდებოდნენ. კურიერმა ეს ინფორმაცია რამდენიმე ქვეყნის ელჩთან გადაამოწმა. მათ შორის არის ნიდერლანდების სამეფო, აშშ, საფრანგეთი, რუმინეთი, ესტონეთი და უკრაინა. მათგან ყველამ თქვა რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში არ ყოფილან. ელჩის პარლამენტში ყოფნა უარყო დიდი ბრიტანეთის საელჩომაც.