„ის რადიკალური ჯგუფები, რომელთაც ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა ამ ძალადობის ესკალაციაზე, მათი შეფასებები, ჩემთვის აბსოლუტურად აზრს მოკლებულია,“ - ეს განცხადება, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა.
ირაკლი სესიაშვილი სისხლიან ღამესთან დაკავშირებით შს მინისტრის განმარტებების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან გახმოვანებულ კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს. სესიაშვილი ამბობს, რომ სწორედ ოპოზიციის გეგმა იყო დაძაბულობის შეტანა ქვეყანაში.
სესიაშვილი შს მინისტრის განცხადებების შინაარსით კმაყოფილია და ამბობს, რომ გიორგი გახარიამ ამომწურავად უპასუხა კითხვებს, რომელსაც ჟურნალისტი ინგა გრიგოლია უსვამდა.
„მთავარი არის, საზოგადოება როგორ შეაფასებს და მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ გუშინ გახარიამ ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი გასცა და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებამ აღიქვა ის რეალობა, რასაც ადგილი ჰქონდა, ჩვენ ყველანი პირდაპირ ეთერში ვუყურებდით და მიიღო იმ კითხვებზე პასუხი, რაც შეიძლება გარკვეულ კითხვის ნიშნებს ტოვებდა. ამიტომ, ცხადია, ბევრს ეს არ მოეწონებოდა, იმიტომ, რომ სიმართლე მწარე არის და სიმართლე არის ის, რომ როცა ძალადობის ესკალაციას ახდენს ეს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები - ენმ და მისთანები, შემდეგ გარბიან, იმალებიან და პასუხისმგებლობას გაურბიან და ერთ მოწოდებას აკეთებენ და არ მოუწოდებენ თავიანთ მომიტინგეებს, რომ შეწყვიტონ ძალადობა, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ეს იყო მათი გეგმა,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.