19 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
მინისტრი გახარია უნდა წავიდეს - ეკა გიგაური ამბობს, რომ შს მინისტრმა იცრუა

20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შს მინისტრის განმარტებებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური არ ეთანხმება.

გიგაურის თქმით, შს მინისტრის განცხადება, რომ თითქოს სახელმწიფოს რუსი დეპუტატისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის უფლება არ ჰქონდა, არასწორია. გიგაურის განცხადებით, ამის სამართლებრივი საფუძვლებიც არსებობს.

„ის საუბრობდა, რომ პოლიციას ჰქონდა ძალის გამოყენების უფლება და ჩვენც ვამბობთ, რომ პოლიციას, ზოგადად, აქვს ძალის გამოყენების უფლება. აქ კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, რომ რატომ არ შეატყობინა პოლიციამ წინასწარ დემონსტრანტებს, რომ ის ძალას იყენებს, ერთი და მეორე, რატომ გამოიყენა ყველაზე ლეტალური შედეგის მომტანი საშუალებები. თითქოს, გავრილოვის შემოსვლაზე უარის თქმის უფლება მათ არ ჰქონდათ, ესეც არის ტყუილი, იმიტომ, რომ ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც სასაზღვრო პოლიციელს აქვს უფლება, რომ უარი უთხრას მოქალაქეს შემოსვლაზე,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ქვეყანაში დღეს შექმნილი სიტუაციის განსამუხტად კი ეკა გიგაურს შს მინისტრის გადადგომა მიაჩნია გამოსავლად.

„მინისტრი გახარია უნდა წავიდეს, სხვა შემთხვევაში, იმ გამოძიებასთან მიმართებაშიც, რომელიც მიმდინარეობს, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იქნება და ნდობა საზოგადოებაში იქნება ძალიან დაბალი,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები