შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებები შესაძლოა, საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდეს. გიორგი გახარია, შესაძლოა ვერც კი მიხვდა, რომ ტელეინტერვიუს დროს ვენის კონვენციის დარღვევა აღიარა.გახარია ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ ამტკიცებდა, რომ ოპოზიციია სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა და ფრონტის ხაზი პარლამენტზე გადიოდა, რთულ ვითარებაში კი დაპირისპირების ადგილზე გახარიამ მიიყვანა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები. ვენის კონვენციაში კი წერია, რომ ნებისმიერ ქვეყანა ვალდებულია, გაარიდოს უცხოელი დიპლომატები დაპირისპირების კერას და უზრუნველჰყოს მათი უსაფრთხოება.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურებიან. შს მინისტრმა „რეაქციაში“ თქვა, რომ 20 ივნისს გამთენიამდე დიპლომატებთან ერთად აკვირდებოდა პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. მმართველი გუნდის წევრების ინფორმაციით, ადგილზე გერმანიის ელჩი იმყოფებოდა.
„მე რამდენადაც ვიცი, მხოლოდ გერმანიის ელჩი იყო მაშინ პარლამენტში, თუმცა შეიძლება სხვაც იყო, არ ვიცი ამასთან დაკავშირებით, მე ვიცი, რომ გერმანიის ელჩი პარლამენტში იყო,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ვენის კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებით კი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები არ საუბრობენ.
„ამაზე ვერ გიპასუხებთ. ზუსტი ინფორმაცია, როდის შემოვიდა, როდის გავიდა, არ მაქვს. ამიტომ, არ მინდა, რომ სპეკულაციური განცხადება გავაკეთო,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
კიდევ ერთი დეპუტატი სოფო ქაცარავაც ამბობს, რომ 20 ივნისს პარლამენტში გერმანიის ელჩი იმყოფებოდა, თუმცა ამბობს, რომ სხვა დიპლომატებზე ინფორმაცია არ აქვს.
„მეც ვიცი გერმანიის ელჩთან დაკავშირებით. სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ვერ გეტყვით, დეტალები არ ვიცი. სხვა ელჩებთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია და დეტალებიც არ ვიცი ამასთან დაკავშირებთ,“ - განაცხადა სოფო ქაცარავამ.
ცოტა ხნის წინ კი გერმანიის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გერმანიის ელჩი პარლამენტთან იმყოფებოდა, თუმცა მას გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია.