შს მინისტრი გავრილოვის ღამეზე პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად ფაქტებს ამახინჯებს. გიორგი გახარია ამტკიცებს, რომ ოპოზიციამ იცოდა, რომ დუმის კომუნისტი დეპუტატი საქართველოში ჩამოდიოდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
ფაქტები კი საპირისპიროზე მეტყველებს - ოპოზიცია ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლებას აფრთხილებდა და მოუწოდებდა, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოში არ შემოეშვა.
გახარია ამტკიცებს, რომ სამართლებრივი მიზეზი ვერ იპოვა, რომ დუმის კომუნისტი დეპუტატი, აფხაზეთის ომის მონაწილე გავრილოვი საქართველოში არ შემოეშვა. ოპოზიციისთვის და არასამთავრობოებისთვის ეს სამარცხვინო ტყუილია, რადგან შსს-ს კანონი უფლებას აძლევს, უცხოელს საქართველოში შემოშვებაზე უარი უთხრას.
მინისტრი გახარია და „ოცნება“ ყველას აჯერებს, რომ ხელისუფლებამ 20 ივნისის სისხლიან ღამეს ქვეყანას სახელმწიფო გადატრიალება თავიდან ააცილა. თავდაცვის ყოფილი მინიტრი, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ სახელწიფო გადატრიალება არ არის ემოციური დანაშაული და ის რამდენიმე საათში ვერ დაიგეგმებოდა.
მინისტრი ასევე ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებების ხელისუფლება მზად იყო. ვიდეოკადრები კი საპირისპიროზე მიუთითებს. გახარია ფარსს უწოდებს იმ უწყვეტ კადრსაც, რომელიც ამტკიცებს, რომ ნიკა მელია აქციის მონაწილეებს ამშვიდებს. ეს მასალა „ოცნების“ პროკურატურის გამოძიების მასალებში დევს.
„ოცნებამ“ დარბევა ისე დაიწყო, რომ ხმოვანი შეტყობინებით აქციის მონაწილეებისთვის არ მიუმართვს. ამით კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის შესახებ კანონი დაარღვია. მინისტრი კი ამბობს, რომ რამდენჯერმე გააფრთხილეს მომიტინგეები.
უმრავლესობა კი დღეს შს მინისტრს ამართლებდა და 20 ივნისის გავრილოვის ღამეზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებდა.
გიორგი გახარიას განცხადებებმა ყველა მისი ოპონენტი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ მათი მოთხოვნა - გადადგეს გახარია სწორია. ისინი მინისტრს მოუწოდებენ, გადაწვეტილება აღარ გააჭიანუროს და თანამდებობა დროულად დატოვოს.