რუსული დელეგაციის შეტევა გიგი წერეთლის წინააღმდეგ - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის გამო, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და ასამბლეის პრეზიდენტი რუსი დეპუტატების თავდასხმების სამიზნე გახდა.
რუსული დელეგაცია იმდენად გააღიზიანა დოკუმენტის შინაარსმა, რომ ისინი ღიად მოითხოვენ, გიგი წერეთლის რუსეთში ჩასვლას. მათივე მოთხოვნაა, რომ გიგი წერეთელმა რეზოლუციის კონკრეტულ დეტალებზე განმარტებები სწორედ მოსკოვში გააკეთოს.
გიგი წერეთელი რუსი დეპუტატებისგან აგრესიას ელოდა და მისთვის მოულოდნელი არ იყო. წერეთელი ამბობს, რომ რუსი დეპუტატები გაღიზიანდნენ ჯერ კიდევ ლუქსემბურგში, რადგან მათ ვერ შეაჩერეს საქართველოს და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების მიღება. დარბაზშივე რუსები ცდილობდნენ სხდომის ჩაშლას, რაც ვერ მოახერხეს.
რეზოლუციის მიღების შემდეგ კი რუსი დეპუტატების განცხადებები გიგი წერეთლის მისამართით საკმაოდ აგრესიული იყო. ისინი ამბობდნენ, რომ დაირღვა რეგლამენტი, არ იყო კვორუმი და რომ გიგი წერეთელმა პასუხი აგოს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატი კი რუსი დეპუტატების პასუხად აცხადებს, რომ ის მოსკოვში ჩასვლას და განმარტებების გაკეთებას არ აპირებს. გიგი წერეთლის თქმით, ყველა კითხვაზე პასუხი ლუქსემბურგში სხდომაზე მიიღეს.
„შეეცადნენ, ბევრჯერ შეეწყვეტინებინათ ჩემთვის, რაზეც მე, ბუნებრივია, გავეცი პასუხი და შესაბამისად, როგორც სხდომის თავმჯდომარემ, გავაგრძელეთ და გვქონდა, პრაქტიკულად, მთელი დარბაზის, ყველა დელეგაციის მხარდაჭერა, როდესაც ვიღებდით ამ რეზოლუციას. უნდა გაიმართლონ თავი, როგორ მოხდა, რომ რუსეთის საწინააღმდეგო რეგულაციები მიიღეს, როგორ მოხდა, რომ მათ ჰქონდათ რაღაც რეზოლუცია შეტანილი, რომელიც ასევე არ იქნა გაზიარებული,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.