19 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის აზრით, საქართველოში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი პოლიტიზებულია

სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი პოლიტიზებულია და ამაში ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ადანაშაულებს. განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა.

გერმანული არხის ჟურნალისტმა პირდაპირ უთხრა მას, რომ პირადად ესაუბრა აქციის მონაწილეებს, რომლებიც სამი კვირაა, აქციებზე დგანან და გაარკვია, რომ რუსული საკითხი საზოგადოებისთვის მთავარი პრობლემაა. ზურაბიშვილის თქმით, აქცია, თავდაპირველად, სპონტანური იყო, თუმცა შემდეგ პოლიტიზირებული გახდა და ამის ნიშნებს ახლაც ხედავს. 

„დოიჩე ველეს“ ჟურნალისტი დაინტერესდა, აქვს თუ არა პირადი კონტაქტები კრემლთან, რაზეც საქართველოს პრეზიდენტს გაეცინა და უარყოფითი პასუხი გასცა.

„ვფიქრობ, რომ პროტესტი სპონტანური იყო - იმ მომენტამდე, სანამ ის პოლიტიზირებული გახდებოდა. ამ პოლიტიზირებას ახლაც აქვს ადგილი. ჩემი აზრით, ამის მიზეზია კონფლიქტის ღია ჭრილობა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რაც ჩვენში და ჩვენს ევროპელ პარტნიორებში უნდა იწვევდეს ღრმა შეშფოთებას. პრობლემების გადაუჭრელობა, გაყინული ვითარება - ადამიანები დიდხანს ამას ვერ შეეგუებიან. ქართველები ამაყი ხალხია. საქართველოს ისტორია გვაჩვენებს, რომ ადრე თუ გვიან ეს საკითხი უნდა დავარეგულიროთ," - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ აქციის მონაწილეების მთავარი დაკვეთა ტერიტორიების დეოკუპაცია და ამ მიზნით რუსეთთან მოლაპარაკების ფორმატის შეცვლაა.

„საქართველომ საბოლოოდ და ოფიციალურად თქვა უარი ძალის გამოყენებაზე - და ამაში ჩანს ჩვენი რეალისტური მიდგომა ვითარებისადმი. ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს დიპლომატიური საშუალებები იმისთვის, რომ მოაგვაროს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, რადგან არ გაგვაჩნია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ. ჩემი აზრით, სწორედ ამის მოტანა უნდოდათ ჩვენამდე პროტესტის მონაწილეებს - ჩვენ ყველამ ერთად რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად "ჟენევის ფორმატში". ამ ფორმატმა თანდათან დაკარგა, არა, მნიშვნელობა არა, რადგან სხვა ფორმატი არ არსებობს და ის ჩვენთვის უკიდურესად საჭიროა - თუმცა, საჭიროა, მისი ახალ პოლიტიკურ დონეზე აყვანა, რომ მან რეალურად იმუშაოს. მან უნდა გადაწყვიტოს პრობლემები და არა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის საკითხები განიხილოს. სწორედ ასეთი იყო სიგნალი, რომელიც წამოვიდა საქართველოს ქუჩებში მყოფი პროტესტის მონაწილეებისგან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები