19 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
„ქართველები ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, სად არის დასავლეთი?" - სალომე სამადაშვილის წერილი „ვაშინგტონ პოსტში“

„ქართველები ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, სად არის დასავლეთი?"- წერილს ამ სათაურით ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი „ვაშინგტონ პოსტში“ აქვეყნებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იხსენებს 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს და წერს, რომ საქართველოს დასავლური მომავლისთვის ფუნდამენტური პრობლემა უფრო დიდია, ვიდრე გავრილოვი ან გახარია.

სამადაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი პუტინის მართვის სისტემას იმეორებს, მაგრამ ამის შედეგი რუსეთზე ასჯერ უფრო პატარა საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებას ჰგავს.

"თუ ივანიშვილი წარმატებას მიაღწევს დემოკრატიის განადგურებაში, ეს იქნება პუტინის გამარჯვება და საქართველოს ტრაგედია. უფრო მეტიც, ეს იქნება დანაკარგი რეგიონში ამერიკული და ევროპული ინტერესებისთვის. ქართველი ხალხი ისევ და ისევ ირჩევს დასავლეთს, ახლა დასავლეთმა უნდა აირჩიოს საქართველო. დროა, ივანიშვილს შეახსენონ, რომ დასავლეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება, მასთან ერთად ან მის გარეშე,"- წერია სტატიაში.

სამადაშვილი ასევე წერს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა ნათელი მესიჯი უნდა გააგზავნონ, რომ ივანიშვილმა პირობა შეასრულოს და ჩაატაროს სრულად პროპორციული არჩევნები, შეწყვიტოს მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის კრიტიკა და საჯაროდ აღიაროს, რომ მზადაა, დათმოს ძალაუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით, როგორც ეს 2013 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

"არსებობს ორი შესაძლო შედეგი: პუტინის არალიბერალიზმის მორიგი გამარჯვება ან შანსი, დაუმტკიცოს, რომ ის არასწორია." - წერია სალომე სამადაშვილის სტატიაში.

დღის ამბები