სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-თან" თელავის საკრებულოს დეპუტატის ინიციატივით გამართული აქცია საკრებულოს თავმჯდომარისთვის მისაღებია. არჩილ თხლაშიძის განმარტებით, მან სამაუწყებლო კომპანიასთან გამართული აქციის თარიღი არ იცოდა, სხვა შემთხვევაში, თვითონაც შეუერთდებოდა. რაც შეეხება, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციებს, ის არ ეთანხმება ახალგაზრდების მოთხოვნებს, რადგან მისი თქმით, შეკრება პოლიტიზირებულია და მოთხოვნები მიუღებელი.
„მე თვითონ არ ვიცოდი რომ მაგას აპირებდნენ და მაგ დროსმ თორემ მეც სიამოვნებით შევუერთდებოდი ამ პროტესტს „რუსთავი 2-ის" ოფისის წინ. ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, მით უმეტეს, როდესაც შეურაცხყოფენ და თავიანთი პროტესტის გამოხატვა ამ გზით სცადეს და მოახერხეს", - განაცხადა არჩილ თხლაშიძემ.
„რუსთავი 2-თან" გამართული აქციის ორგანიზატორი, მიხეილ გრემელაშვილი კი, რომელიც საკრებულოში "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციის წევრია, დღეს "კურიერის" ყველა კითხვას მხოლოდ ერთადერთი არგუმენტით პასუხობდა, რომ გლეხის შეურაცხყოფას არავის აპატიებს. თუმცა, ის თვითონ მევენახე არ არის და არც აქციის დაფინანსების შესახებ დასმულ კითხვას გასცა პასუხი.
"მე ვარ ადამიანი, ის ადამიანი, რომელიც, პირველ რიგში, წინაპრების შრომას, სიწმინდეს და ადათ-წესებს ვცემ პატივს და ვაფასებ, არავის არ გავალანძღინებ. უბრალოდ კახელი კაცი არასოდეს არ უმასპინძლდება სტუმარს უარყოფითი ემოციებით", - ამბობს მიხეილ გრემელაშვილი.
დეპუტატთან ერთად აქციაზე იმყოფებოდა მისი ბიძაშვილი, ლევან გრემელაშვილი, რომელიც დაჭრაზე ნასამართლევი პირია. მან ცივი იარაღით ადამიანის დდაჭრის ბრალდებით 5 წელი გაატარა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ორივე მათგანი „კურიერის“ მომუშავე ჯგუფებს შეურაცხყოფას აყენებდა.
აქციის მონაწილეები გუშინ ნიკა გვარამიას სატელევიზიო გამოსვლას აპროტესტებდნენ და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ.