19 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
ხატია დეკანოიძეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ

გამოკითხვების სერია ოპოზიციის ლიდერების მონაწილეობით გრძელდება. საქალაქო სასამართლოში ადვოკატთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე მივა. გამოკითხვა 16 საათზე დაიწყება. 

დეკანოიძე გამოძიების შეკითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს. ხატია დეკანოიძე სხდომის გახსნის შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან შეკითხვებს საჯაროდ უპასუხოს.

„ირონიული და სასაცილოა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს ამ საქმეს... ადამიანი, რომელიც თვითონ არის პასუხისმგებელი გავრილოვის ღამეზე, არ შეიძლება, იძიებდეს არავითარ საქმეს, ეს ერთი, მეორე, თქვენ გახსოვთ ყველას, ეს არის ჩვენება შალვა რამიშვილის კანტორის ადამიანის, ვინმე ბერიძის, სადაც ჩაყრილია, პრაქტიკულად, მთელი ოპოზიციური სპექტრი და ეს ჩვენება იდენტურია ასევე სხვა 6 მოწმის ჩვენებისა, რომელიც არის გადაკოპირებული და სწორედ ამ ჩვენების საფუძველზე, როგორც ჩანს, შსს-მ გადაწყვიტა, რომ გამოკითხოს ოპოზიციის ლიდერები და ეს ჩვენება არის, პრაქტიკულად, მტკნარი სიცრუე თავიდან ბოლომდე. მესამე, მე მოვითხოვე მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, უნდობლობას ვუცხადებ შსს-ს, როგორც საგამოძიებო ორგანოს, ვინაიდან არ შეიძლება, რომ შს მინისტრი იძიებდეს ამ საქმეს, რომელშიც თვითონ არის პასუხისმგებელი პირი და მეოთხე, მე აუცილებლად მოვითხოვ სხდომის გახსნას, საჯაროობას“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს გუშინ საღამოს გუბაზ სანიკიძე.

ოპოზიციის ლიდერები, ხატია დეკანოიძე, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოკითხვაზე გუშინ დაიბარა. ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით არიან დაბარებულები, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. 

დღის ამბები