19 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
რუსი ტურისტების მოსაზიდად ამდენი ფულის დახარჯვას, სჯობს, რომ სხვა ბაზრებზე დავხარჯოთ - გიორგი კეპულაძე

„იმისთვის, რომ მოვიზიდოთ რუსი ტურისტები, ამაში ამდენი ფულის დახარჯვას, სჯობს, რომ სხვა ბაზრებზე დავხარჯოთ,“ - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ გააკეთა.

გიორგი კეპულაძე სახელმწიფოს მხრიდან რუსი ტურისტების მიზიდვის მიზნით გაწეულ დანახარჯებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სჯობს, 13 მილიონი ლარი სხვა ბაზრის მოსაზიდად გამოიყენონ.

„თუ თავისი თვითდინებით, თავისი ინფორმაციით ვინმე ჩამოვა, ძალიან კარგი, ჩვენ არავის არ ვერჩით, ჩამოვიდეს, მაგრამ იმისთვის, რომ მოვიზიდოთ რუსი ტურისტები, ამაში ამდენი ფულის დახარჯვას, სჯობს, რომ სხვა ბაზრებზე დავხარჯოთ, რადგან, როგორც ვთქვი, რუსეთი არის პოლიტიკური ბაზარი და განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ ბაზარზე ჩვენ არ უნდა გვქონდეს, რადგან ამის უამრავი ისტორიული მაგალითი გვაქვს“, - განაცხადა კეპულაძემ.

კეპულაძის შეფასებით, რუსეთში არის პოლიტიკური ბაზარი, შესაბამისად, მაღალი მოლოდინები არ უნდა ჰქონდეს ქვეყანას.

„გათვლა იმაზე, რომ რუსეთი ჩვენ რამე დამატებით სარგებელს მოგვიტანს, ეს შეიძლება იყოს მოკლევადიანი, რადგან ერთ დღესაც ეს კავშირი შეიძლება გაწყვიტოს ერთმა ადამიანმა თავის გადაწყვეტილებით, როგორიც არის ვლადიმერ პუტინი. შესაბამისად, უკვე ეს ხდება პრობლემა კონკრეტული დარგისთვის ან მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამიტომ, რაც ნაკლები კავშირი გვექნება რუსეთთან ეკონომიკური, არის უკეთესი," - განაცხადა გიორგი კეპულაძემ. 

სტატისტიკას „ბიზნეს მედია“ აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთში, ტურიზმის პოპულარიზაციისთვის დახარჯული თანხა ბევრად აღემატება იგივე მიზნით ევროპულ ქვეყნებში გადახდილ ფულს.

კვლევის მიხედვით, 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რუსეთში 13 მილიონი ლარი დაიხარჯა ტურიზმის ადმინისტრირების მიზნით. ყველაზე მეტი თანხა კი 2018 წელს დაიხარჯა. ამ მიმართულებით გამოყოფილი იყო 16 მილიონი, საიდანაც 6 მილიონი სწორედ რუსეთზე მოდის.

დღის ამბები