კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები სუს-ის ორგანიზებით წამოსულ აქციაზე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-თან" გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება მოახდინა.
გიორგი ბოტკოველის განცხადებით, 12 ივლისის აქციაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და რეგიონებიდან ჩამოყვანილი საჯარო მოხელეები იმყოფებოდნენ. მათ ნაწილს არანაირი საერთო არ აქვს მეღვინეობასთან და მხოლოდ ხელისუფლების დავალებას ასრულებდნენ. გიორგი ბოტკოველმა მედიას შესაბამისი ვიდეოკადრებიც წარუდგინა.
„ჩვენ იდენტიფიცირებული გვყავს აბსოლუტურად ყველა ადამიანი და არაერთმა ტელევიზიამ უკვე გააჟღერა ამ ადამიანების სახელები და გვარები. სახეზე გვყავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ერთ-ერთი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს წევრი და მასთან ერთად არაერთი კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი, რომლებიც პირდაპირი დავალებით სუს-ის ორგანიზებით შეიკრიბნენ და ეს არ დაწყებულა გუშინდელ დღეს. ბოლო 10 დღის განმავლობაში ხელისუფლება, სუსი ცდილობს, რომ დააძალოს მოსახლეობას, გამართოს აქციები და ამის ფაქტები გვქონდა ჩვენ სიღნაღის რაიონში, ყვარლის რაიონში.
ესენი არიან ლევან გრემელაშვილი, მის გვერდით ქევხიშვილი, რომელიც იყო ძველი მხედრიონელი არიან ორივენი კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები, რომლებიც პირდაპირ სუს-ის ორგანიზებით არიან წამოსულები აღნიშნულ აქციაზე. არც ერთ მათგანს ერთი მტკაველი ვენახი არ გააჩნია და არც ერთი არ არის მეღვინე“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
12 ივლისს "რუთავი 2-ის" შენობასთან აქცია კახელი მეღვინეების სახელით გაიმართა. თუმცა ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლებამ ტელევიზიის წინააღმდეგ პარტიის აქტივისტები გამოიყვანა.