გიორგი გახარია უნდა გადადგეს - ეს მოთხოვნა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა კახი კალაძეს პირადად შეახსენეს.
მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები მრგვალ ბაღში დღეს იმ დროს გამოჩდნენ, როცა თბილისის მერი ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასათვალიერებლად მივიდა.
„ქალაქის მერი ასევე არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მენეჯერული რგოლის წარმომადგენელი, რომელსაც აქვს უფლება, სიტყვა ჩააგდოს და გახარიასთან მივიდეს და უთხრას, რომ ყველგან მხვდება უკვე ეს ხალხი, შევწუხდი მეც და ვაწუხებთ ასე, რომ მოვიდეთ და ვაჩვენოთ, რომ მაკომ დაკარგა თვალი და კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა და გახარია უნდა გადადგეს,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
კახა კალაძეს აქციის მონაწილეების მოთხოვნებზე და შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია, ახალგაზრდები კი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერისგან განმარტებებს 20 ივნისის სისხლიანი ღამის გამო ითხოვდნენ.
მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ გავრილოვის ღამის ავტორს მინისტრის სავარძელში ყოფნის უფლება აღარ აქვს.
„როგორც ხელისუფლებას აქვს მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა და უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, აქვს ხელისუფლებას, ასევე, ოპოზიციას აქვს პასუხისმგებლობა. ყველას აქვს უფლება, გამოხატოს თავიანთი პროტესტი, თავიანთი შეხედულებები, ვერავინ ვერ გაბედავს, რომ კონსტიტუციური კანონის ფარგლებში ხელი შეუშალოს ვინმეს,“ - განაცხადა კალაძემ.