„სახელმწიფო ბიუჯეტიდან არცერთი კერძო სექტორის ცნობადობის ამაღლება არ ხდება. თუკი რომელიმე ბაზარზე ხდება კამპანია, ეს ეხება, ზოგადად, ქვეყნის ცნობადობას,“ - ეს განცხადება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა გააკეთა.
„ბიზნესმედიას“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ბიუჯეტიდან რუსი ტურისტების მოსაზიდად 13 მილიონი ლარი გადაიხადა.
მარიამ ქვრივიშვილი განმარტავს, რომ 2019 წელს რუსულ ბაზარზე საბიუჯეტო თანხები არ დახარჯულა.
„2019 წლის დასაწყისიდან იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რასაც, არა მხოლოდ დღეს, 20 ივნისიდან, არამედ მანამდეც ვსაუბრობდით, რომ სახელმწიფო აღარ დახარჯავს რუსეთში მარკეტინგულ ბიუჯეტს იქიდან გამომდინარე, რომ ბაზრის წილი უკვე 25 პროცენტს აღწევდა. ჩვენ, ბუნებრივია, გავაკეთეთ შეჯამება და ვნახეთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკვე მილიონობით რუსეთის მოქალაქე იყო ჩამოსული ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სტატისტიკას „ბიზნეს მედია“ აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთში, ტურიზმის პოპულარიზაციისთვის დახარჯული თანხა ბევრად აღემატება იგივე მიზნით ევროპულ ქვეყნებში გადახდილ ფულს. კვლევის მიხედვით, 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რუსეთში 13 მილიონი ლარი დაიხარჯა ტურიზმის ადმინისტრირების მიზნით. ყველაზე მეტი თანხა კი 2018 წელს დაიხარჯა. ამ მიმართულებით გამოყოფილი იყო 16 მილიონი, საიდანაც 6 მილიონი სწორედ რუსეთზე მოდის.