20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს პროკურატურაში ეხმაურებიან. პროკურატურაში ნიკა მელიას საქმეზე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე, მათ შორის, მთავარ ვიდეომტკიცებულებაზე ისაუბრეს.
საგამოძიებო უწყებამ 2 წუთის და 45 წამის ხანგრძლივობის ვიდეომასალა გაასაჯაროვა. ეს არის ამონარიდები სხვადასხვა ტელევიზიის პირდაპირი ეთერებიდან, სადაც ასახულია 20 ივნისის ღამეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები.
საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის თქმით, ნიკა მელიას მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ვიდეო პარლამენტის წინ შექმნილი ვითარების სრულ სურათს არ აჩვენებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. მისივე განცხადებით, ვიდეომასალა მოიპოვა ბრალდების მხარემ, ხოლო დაცვის მხარემ ის საკუთარი ვერსიის შესაქმნელად გამოიყენა.
„დაცვის მხარემ მასზე დაყრდნობით შექმნა ვიდეომასალის საკუთარი ვერსია და მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად განსხვავებული ინტერპრეტაციით მიაწოდა საზოგადოებას,“ - ამბობს პროკურორი.
ამირან გულუაშვილი ამბობს, რომ 20 ივნისს, საღამოს 9 საათის შემდეგ, რა დროსაც ნიკა მელიამ შეკრებილებს მოუწოდა, რომ პარლამენტში უნდა შევიდნენ, სიტუაცია დაიძაბა.
„მოწოდების მომენტშიც და მანამდეც, ნიკანორ მელია აცნობიერებდა, რომ იგი საქართველოს პარლამენტის წევრია და იქ მყოფ დემონსტრანტებსა და მხარდამჭერებში სარგებლობს ნდობით და შესაბამისად, მის მოწოდებას შეეძლო, მოსალოდნელი შედეგის მყისიერად დადგომა, მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც ლეგიტიმური პროტესტის გამოსახატად შეკრებილ მოქალაქეებში ემოციური ფონი ისედაც მაღალი იყო. ზემოაღნიშნული მოწოდებებით და სამართალდამცავთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობით ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა, რაც დასტურდება აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით,“ - ამბობს გულუაშვილი.
პროკურორის თქმით, ნიკა მელია ძალადობრივი შეჭრის განზრახვის შეფარვისთვის იყენებდა შემდეგ ფრაზებს - „მშვიდობიანი შესვლა“, „ხელების აწევით შესვლა“.
„დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ამ ვიდეომტკიცებულების სრულ ვერსიას და იმ ეპიზოდსაც, რომელზეც ასე დაჟინებით ცდილობს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას დაცვის მხარე... ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობდა ნიკანორ მელია პარლამენტის შენობაში შეჭრის მიზნით განხორციელებული ძალადობრივი აქტისთვის მოჩვენებითად მიეცა მშვიდობიანი ხასიათი, რაც მას სავარაუდოდ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის აცილების მიზნით სჭირდებოდა. ნიკანორ მელია, როგორც დანაშაულებრივი განზრახვის შესანიღბად პერიოდულად იყენებდა ისეთ მოწოდებებს, როგორიცაა ჩვენ უნდა შევიდეთ მშვიდობიანად, ხელებაწეულები პარლამენტის შენობაში და ა.შ.,“ - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
პროკურორის თქმით, ნიკა მელიას ბრალეულობას ექსპერტიზა, მოწმეების ჩვენება და ვიდეომასალები ადასტურებს.