უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესს „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატები უნდობლობას უცხადებენ. მმართველი გუნდის ყოფილი წევრები ამბობენ, რომ სასამართლოში არსებული ე.წ. კლანი წინასწარ არჩევს მოსამართლეებს იმისთვის, რომ სასამართლოს სამივე ინსტანციას ფლობდეს.
ამ წუთებში პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებსა და „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულ დეპუტატებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურის დროს გამოვლენილ დარღვევებზე მსჯელობენ.
მოსამართლეთა შერჩევის პროცესს პარლამენტის წევრი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, ლევან კობერიძე მისტიკურ მოვლენებს ადარებს.
„რა პროცესიც მიმდინარეობს იუსტიციის საბჭოში, ცოტა შევადარებდი, რომ ბერმუდის სამკუთხედში, რომ ხდება მისტიური რაღაცები, დაახლოებით, უფრო და უფრო, იმას ემსგავსება. იმიტომ, რომ რაც ჩვენ დავინახეთ, უმაღლესი მათემატიკის პროფესორსაც კი მსგავსი ტიპის ალბათობა, რომ კენჭისყრის, ხმის მიცემის შედეგები, რაც დავინახეთ, მე მგონი, უკვე ტელეპათიის რანგში გადადის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდება რეალურად, ამიტომ, მოვიწვიეთ არამოსამართლე წევრები პარლამენტში,“ - განაცხადა კობერიძემ.
„შენების მოძრაობის” თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი კი აცხადებს, რომ თუ იუსტიციის საბჭო ვერ მოახერხებს ობიექტურად მოსამართლეთა შერჩევას, მთელი პასუხისმგებლობა პარლამენტს დაეკისრება.
„მე გარკვეული იმედი მაქვს, რომ აქ პარლამენტში შესაძლებელი იქნება ვითარების ცოტა გაუმჯობესება, ვინაიდან პარლამენტარებს ცოტა სხვა პასუხისმგებლობა აწევთ და ზარალი, რაც სასამართლოსთან მიმართებაში ხელისუფლებას უკვე დაემართა, მე მგონი, ვიღაცებს აქ გათავისებული აქვთ,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.