მოსამართლეთა კლანი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების შერჩევას ხარვეზებით აგრძელებს - საკუთარი შეშფოთება დღეს საბჭოს არამოსამართლე წევრებმა პარლამენტის იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს გააცნეს, რომლებმაც სწორედ ამ საკითხზე დაწყებული კონფლიქტის გამო დატოვეს „ქართული ოცნების“ რიგები.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად, კომპეტენტური პირები უნდა შეირჩნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის წევრმა, ისნის მაჟორიტარი დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ სასამართლო სისტემა ძირეულად არის შესაცვლელი.
„ძირეულად არის ეს სისტემა შესაცვლელი და იმას უკვე მნიშვნელობა არ ექნება სახელები და გვარები, ვინ იქნება. ამ სასამართლომ და ამ კანონებმა, რომლის მეშვეობითაც სასამართლო იმართება და ინიშნება, მე ვფიქრობ, ამ ქვეყანაში სამართალი ვერ აღადგინა, რასაც მოელოდა ქართული საზოგადოება,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ამბობს, რომ უმჯობესი იქნება თუ მხოლოდ რამდენიმე მოსამართლეს აირჩევს დღეს მოქმედი პარლამენტი და დანარჩენის შერჩევა მომდევნო მოწვევის პარლამენტს მოუწევს.
„თუ იქნება 5-7 თუ 2 ღირსეული კანდიდატი, 2 ღირსეული კანდიდატი უნდა დაინიშნოს და დანარჩენზე უარი უნდა ითქვას და ან ეს პროცესი თავიდან დაიწყოს ან შემდეგი მოწვევის, ჩემი პირადი პრეფერენციაა, რომ ამ შეთხვევაში, სჯობია შემდეგი მოწვევის პარლამენტმა, ერთ-ერთი ამოცანა პროპორციული არჩევნების ის გახლავთ, რომ კიდევ უფრო მაღალი პოლიტიკური ნდობის პარლამენტი მივიღოთ ჩვენ,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.