მოსამართლე ილონა თოდუა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება ნაზი ჯანეზაშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ ილონა თოდუამ მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება დედის სახელზე გადააფორმა ჩუქების პრინციპით. ამის შემდეგ კი, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ილონა თოდუას მისცენ ბინის ქირის საფასური.
ილონა თოდუა განმარტავს, რომ სამოსამართლეო უფლებამოსილების ამოწურვისთანავე მიმართა იუსტიციის საბჭოს შესაბამის დეპარტამენტს იმისთვის, რომ შეეწყვიტათ მისთვის საცხოვრებელი ბინის დაქირავების თანხის გადახდა.
თოდუას თქმით, 2018 წელს მან შეიძინა უძრავი ქონება, ხოლო მანამდე არსებული ბინა მშობლების მიერ იყო შეძენილი, თუმცა, გარკვეული პერიოდი მის სახელზე იყო გაფორმებული.
„სამწუხაროა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კანონით მისთვის გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ნაცვლად, მოსამართლის დისკრედიტაციას ეწევა მიუღებელი ფორმით.
"ზემოაღნიშნული ცილისმწამებლური კამპანია, ჩემი მოსაზრებით, მიზნად მხოლოდ ერთ რამეს, ჩემი როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლის დისკრედიტაციას ისახავს,“ - აცხადებს თოდუა.