სისხლიან ღამეს მოქალაქეზე ძალადობის ფაქტზე ერთი სამართალდამცველი დააკავეს. პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უწყებამ გაასაჯაროვა ვიდეომასალა, რომელზეც შსს-ს თანამშრომლის მხრიდან, იურისტ დავით ნიორაძეზე ძალადობაა აღბეჭდილი. უწყებაში განმარტავენ, რომ ბრალდების მხარე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენებაზე მიმართავს.
„2019 წლის 21 ივნისს გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, შსს-ს აღნიშნულმა თანამშრომელმა გადაამეტა თავისს სამსახურეობრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე. შსს-ს თანამშრომელი დაკავებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილი „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
„ბრალდების მხარე მიმარტავს სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით,“ - განაცხადეს პროკურატურაში.
პროკურორის თქმით, 20 ივნისის მოვლენების გამოძიების ფარგლებში, გამოკითხულია ასეულობით პირი, ამოღებულია საქმისათვის მნიშვნელოვანი ნივთები, დანიშნულია სასამართლო ექსპერტიზები.
სამართალდამცავების მხრიდან ადვოკატის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია „კურიერმა“ ერთი კვირის წინ გაასაჯაროვა. 37 წლის მამაკაცის ვინაობა „კურიერმა“ გაარკვია, რომელსაც რუსთაველზე სისხლიან ღამეს პოლიციელი დამცირების მიზნით აგინებდა და პანჩური ამოარტყა. რუსთაველის გამზირზე, ჩართული ტელეფონით მიმავალ 37 წლის იურისტს, დავით ნიორაძეს, თავს სპეცრაზმელები მხოლოდ იმიტომ დაესხნენ, რომ სისხლიან ღამეს კამერით იღებდა. დაკავებისთანავე მას ცემა და გინება დაუწყეს. ცემის შემდეგ დავით ნიორაძე დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.