19 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
„ქართული ოცნება“ წააგებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს - ოპოზიცია IRI-ის კვლევის შედეგებს აფასებს

IRI-ის კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადა „ქართული ოცნების“ რეიტინგი საგრძნობლად დაცემულია, ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული კვლევა ე.წ. გავრილოვის ღამემდეა ჩატარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შემდეგ მმართველი გუნდის რეიტინგი კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაშია. ბაქრაძის თქმით, „ევროპულ საქართველოს“ ყველაზე მაღალი ზრდის პოტენციალი აქვს, შესაბამისად, მათ ეს პოტენციალი სწორი მიმართულებით უნდა წარმართონ.

„ეს კვლევა ჩატარებულია „გავრილოვის ღამემდე,“ ამიტომ სრულიად ნათელია, რომ დღეს  "ქართული ოცნების“ მდგომარეობა იქნება კიდევ უფრო უარესი, მაგრამ ამ კვლევითაც კი ძალიან კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ წააგებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და ამიტომ ჩვენი ამოცანაა წყნარად, მშვიდად, ყოველგვარი დაძაბულობის და არეულობის გარეშე, მოვემზადოთ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის და გადაბარებისთვის, ეს არის სრულიად ნათელი. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს,“ ჩვენ, როგორც პარტიას, გაგვაჩნია ყველაზე მაღალი მეორე არჩევანი და ზრდის პოტენციალი და ჩვენი ამოცანაა ეს ზრდის პოტენციალი, ისევე როგორც პოლიტიკოსების პიროვნული რეიტინგები გადავიყვანოთ ხალხის მხარდაჭერაში  და გადავიყვანოთ იმ საქმეების გაკეთებაში, რომელსაც ვერ აკეთებს „ქართული ოცნება“ და რის გამოც მოსახლეობას აღარ უნდა დღევანდელი ცხოვრება სავსე პრობლემებით, უკუსვლით,“- განაცხადა ბაქრაძემ.

"საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია ხელისუფლების დაბალი რეიტინგის მიზეზად  20 ივნისის მოვლენების გარდა სხვა პრობლემებსაც ასახელებს.

„რა თქმა უნდა, მხოლოდ 20 ივნისი არ იყო გადამწყვეტი აქამდე საქართველოს მოქალაქეების არჩევანი მიიყვანა სასამართლო სისტემაში არსებულმა პრობლემებმა, იმან, რომ არავის ეს ხელისუფლება არ უსმენს და გადასულია საკუთარი ინტერესების გატარებაზე,“- აღნიშნავს კორძაია.

IRI-ის კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს მმართველის გუნდის წევრი გიორგი კახიანი. მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება დავით ბაქრაძეს უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდეს, ვიდრე დედაქალაქის  მერს, რომელიც ყოველდღიური აქტივობებით გამოირჩევა.

„ამ რეიტინგებში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს დავით ბაქრაძეს და იგი კახა კალაძესაც კი უსწრებს. ეს პირადად ჩემთვის საერთოდ  არ არის დამაჯერებელი. როგორ შეიძლება პოლიტიკოსს, რომელიც ამ ბოლო ხანებში, დავით ბაქრაძეს ვგულისხმობ, განსაკუთრებული რაიმე პოლიტიკური აქტივობით არ გამოირჩევა ჩემი დაკვირვებით, როგორ შეიძლება მას ჰქონდეს კახა კალაძეზე უფრო მაღალი რეიტინგი, მაშინ როდესაც კახა კალაძე, როგორც თბილისის ძალიან წარმატებული მერი, თითქმის ყოველდღე წარდგება საზოგადოების წინაშე და თბილისი განხორციელებულ სხვა და სხვა პროექტზე საუბრობს, ანუ ყველაფერი ეს მე მიქმნის იმის განცდას, რომ თქვენი წყაროებით მოპოვებული რეიტინგის კვლევები არ არის რეალისტური,“- აცხადებს კახიანი.

შეგახსენებთ, რომ კურიერმა" მოიპოვა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები, რომელიც ჯერ IRI-ს არ ჯერ გაუსაჯაროებია და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნო. კვლევა 15 ივნისამდე, გავრილოვის ღამემდე 5 დღით ადრეა ჩატარებული და მისი მიხედვით, "ქართული ოცნების" მხარდაჭერა 26% არ აღემატება. მაშინ, როცა გაერთიანებული ოპოზიციის რეიტინგი 22%-ია, “ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” რეიტინგი 7%-ია. "პატრიოტთა ალიანსის" 5%, "ლეიბორისტული პარტიისა" ასევე 5%. დანარჩენი პარტიების რეიტინგი 2% და ქვევითაა. თუმცა ამ მონაცემებით, ოპოზიციური ხმები უკვე 39%-ს აღწევს.

დღის ამბები