20 ივნისის სისხლიანი დარბევიდან 26 დღის შემდეგაც გამოძიებას არცერთი პასუხისმგებელი პირი არ გამოუვლენია. ოპოზიცია კი, პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ კახიძე პრემიერ-მინისტრს ე.წ. გავრილოვის ღამეს გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს, სადაც ის ამბობს, რომ რეზინის ტყვიები „ქართული ოცნების“ ხელწერა არ არის. კახიძის თქმით, მამუკა ბახტაძე ცარიელი ადგილია და მის სიტყვებს არანაირი ძალა არ გააჩნია.
„ეს პრემიერი არის პოლიტიკური არარაობა, რომელსაც გააკეთებინეს განცხადება „ჩვენი ხელწერა ტყვიების გამოყენება არ არისო“ და შემდგომ ტყვიებით დასთხარეს თვალები ახალგაზრდებს. ამიტომ ეს პრემიერი არის ნული, პოლიტიკური სიცარიელე და მის სიტყვებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მინისტრი გახარია ამბობს, რომ ბრძანება მე გავეციო და პრემიერად წოდებული ბახტაძე ამბობს, რომ რაღაც სპონტანურად მიიღეს გადაწყვეტილება. ჯერ ერთმანეთთან ჩამოყალიბდნენ. ფორმალურად მაინც ერთი მთავრობის და ერთი გუნდის წევრები არიან და შეათანხმონ ვერსიები, რომელია სწორი,“- განაცხადა კახიძემ.
ამავე აზრს იზიარებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს მდივანი მურთაზ ზოდელავა. ზოდელავა ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრს ქართულ პოლიტიკაზე გავლენა არ გააჩნია და ის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ დავალებულ ფრაზებს აჟღერებს. ზოდელავას შეფასებით, ხელისუფლება მზადაა 20 ივნისის დარბევა გაიმეოროს.
„ეს ადამიანი არასდროს არაფერ გადაწყვეტილებას არ იღებდა, არანაირი გავლენა მას ქართულ პოლიტიკაზე არ გააჩნია. ერთადერთი მისი ფუნქცია არის ხანდახან გააჟღეროს ივანიშვილის რაღაცა ფრაზები და სიტყვები, რომელსაც ივანიშვილი თვითონ ვერ ახერხებს და ბახტაძე რომ ამას ლაპარაკობს პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას აქვს შეგრძნება, რომ ის უკვე აღარ არის ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე, აქვს რაღაცა უკმარისობის შეგრძნება და სიამოვნებით კიდევ ერთხელ შეკრებდა ამ ხალხს რუსთაველზე და მეორეჯერაც იმავე სისასტიკით დაარბევდნენ,“-აღნიშნა ზოდელავამ.
"რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო გადატრიალების თაობაზე ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ვერსიაზე საუბრობს და ამბობს, რომ მმართველი გუნდის წევრებს ამის არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნიათ.
„ყველა ლაპარაკობს იმას, რასაც ლაპარაკობს პარტიის თავმჯდომარე. თავისთვის იბარებს, ეუბნება, რომ ასე თქვით და ისინი ჩვენ გვარწმუნებენ და რომ ვერ დაგვარწმუნებენ და ვერც საერთაშორისო თანამეგობრობას. იმ მტკიცებულებების, ბრჭყალებში მტკიცებულებების, რაც მათ არ აქვთ რეალურად რაღაცა პოლიტიკურ შეთქმულებაზე, ამის საფუძველზე ვინმეს დაკავება, რომელიმე პოლიტიკური ფიგურის დაკავება, ეს ნუ პირდაპირი ნიშანი იქნება ძალიან სერიოზული დიქტატურის, ავტორიტარიზმის,“- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ოპოზიციის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება არცერთ შემთხვევაში არ გამოიძიებს ამ საქმეს, რადგან ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიკვეთება. სწორედ ამ მიზეზით „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა დააყენა, თუმცა მმართველის გუნდის მხრიდან ამ ინიციატივას მხარდაჭერა არ ჰქონია.