20 ივნისის სისხლიანი ღამე - ორკვირიანი გამოძიების შემდეგ, დაკავებულია ერთადერთი სამართალდამცველი. "შაბათის კურიერში" დაანონსებული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, მთავარი პროკურატურა იძულებული გახდა რეაგირება მოეხდინა და 20 ივნისს დაზარალებული იურისტის, დავით ნიორაძის საქმე თაროდან გადმოეღო. მიუხედავად იმისა, რომ დავით ნიორაძეს წინააღმდეგ გავრილოვის სისხლიან ღამეს ჯგუფურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, პასუხისგებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ ერთი თანამშრომელია მიცემული.
"კურიერის" არქივში დავით ნიორაძის მიმართ ძალადობის სამი ეპიზოდი ინახება. პირველი როდესაც ქუჩაში მიმავალ ნიორაძეს მხოლოდ იმიტომ აკავებენ, რომ ის იღებდა. ამის შემდეგ დაკავებული ნიორაძე პოლიციის კორდონში გაატარეს, სადაც ამცირებდნენ და პანჩურებს ურტყამდნენ. ძირს დააგდეს და კადრში ჩანს რომ მას სპეცრაზმელი სცემს. სწორედ ამ დროს ჩაუმტვრიეს მას ნეკნი. უკვე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნიორაძის ცემა, მაშინაც გააგრძელეს როდესაც მას პოლიციის მანქანაში სვამდნენ.
წამება და არაადამიაური მოპყრობა ამის შემდეგაც გაგრძელდა. ძლიერი ტკივილების მიუხედავად, ნიორაძესთან ექიმი არ მიიყვანეს.
ამ ვიდეომტკიცებულებიდან ჩანს, რომ იურისტი დავით ნიორაძე ჯგუფური ძალადობის მსხვერპლია, ის დაზარალებულად უკვე სცნეს, თუმცა მხოლოდ ერთი სამართალდამცველი დააკავეს. რატომ არ მისცეს პასუხისგებაში სხვები, ამ თემაზე პროკურატურას დღეს არ უსაუბრია.